აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე შეუშვეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე შეუშვეს. როგორც ადვოკატმა ეკა ბესელიამ სხდომათა დარბაზში განმარტა, სალომე ზურაბიშვილს პირადობის მოწმობა მოუტანეს და ამის შემდგომ მოხდა მისი დაშვება პროცესზე.
მანამდე ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებული 11 პირის სხდომაზე დასასწრებად მივიდა, თუმცა ის სხდომათა დარბაზში მანდატურებმა არ შეუშვეს იმ მიზეზით, რომ მას პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით, ზურაბიშვილს პირადობის მოწმობის ელექტრონული ვერსია ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის დარბაზში მაინც არ შეუშვეს.
„ვთხოვე სხდომის მდივანს, თქვენთვის ეთქვა ის, რომ მანდატურის სამსახურს სხდომათა დარბაზში შემოეშვა სალომე ზურაბიშვილი და თქვენ უარი განაცხადეთ… გვითხოვია თანაშემწისთვის, რომ როცა პირადობის ვერსია არ ჰქონია პირს, შემოგეშვათ და მაინც შემოგიშვიათ… ახლა ეს უხერხულია.
ყოფილი არ არსებობს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნახევარ საათზე მეტია დგას შემოსასვლელთან და უხერხულია, როდესაც მას არ უშვებენ სასამართლოში. მაინტერესებს თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. არ ყოფილა ისეთი პრეცედენტი, როდესაც იდენტიფიცირებულია [პირადობაზე პირის ვინაობა და არ შემოუშვეს დარბაზში]“, – მიმართა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლეს.
აღნიშნულზე განმარტებები გააკეთა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.
„ხომ ბრძანეთ, რომ პირადობა არ აქვსო, პირადობის ქონის შემთხვევაში არასდროს ყოფილა სასამართლოში შემოსვლა პრობლემა. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ვისმენთ ქალბატონო ნათია და შესაბამისად, სასამართლოს მოახსენეთ, დაცვის მხარიდან რომელი იტყვის დასკვნით სიტყვას“, – განმარტა გალუსტაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)