NGO-ები უვიზოზე: ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი ბრიფინგი გამართა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე ისაუბრა. მათი შეფასებით, ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა, დღეს სერიოზულ საფრთხეშია.

მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე. უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყალბებული ს შემდეგ, საქართველოში გვყავს 65 სინდისის პატიმარი, დამატებითი რეპრესიული კანონები მიიღეს და დღემდე გრძელდება ადამიანთა დევნა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ 2025 წლის 31 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს ევროკავშირს საქართველში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლეირებს ანტიდასავლურ პროპაგანდას.

ხელისუფლების ამ ქმედებების გამო, საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოგვცა: ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში – რეალურია.

საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ჩვენ, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს, გვჯერა რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მაგრამ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამ მომავალს სპობს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა,ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია:

  • შეწყდეს რეპრესიები,
  • გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებულები,
  • გაუქმდეს რეპრესიული კანონები,
  • დაიწყოს ღია და სანდო დიალოგი არსებული კრიზისის დასაძლევად.

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია. აუცილებელია, დავიცვათ უვიზო მიმოსვლა – დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა.” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.