უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინას თავის ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
ასე გამოეხმაურა პიტერ სიიარტო ნავთობსადენ „დრუჟბის“ შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, გაკეთებულ განცხადებას. ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ არსებობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში უნგრეთის ვეტოს მოხსნაზეა დამოკიდებული.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული გამოიყენა უნგრეთის დასაშინებლად. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით უკრაინის პრეზიდენტის დაშინებას.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის დაშინებას. ჩვენ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტურ ღირებულებებად მივიჩნევთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სანაცვლოდ იმავეს ველით.
ბოლო დღეებში უკრაინამ ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმები განახორციელა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა.
ომი, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აქვს საერთო, ვერასდროს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას.
მოვუწოდებთ ვოლოდიმირ ზელენსკის, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარა და დაასრულოს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ უგუნური თავდასხმები!“, – დაწერა პიტერ სიიარტომ X-ზე.
პიტერ სიიარტოს აღნიშნული განცხადებას უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ და უნგრელ კოლეგას შეახსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მისი მითითებები არ სჭირდება.
„უნგრული მანერით გიპასუხებთ. უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდება თქვენგან იმის თქმა, რა უნდა გააკეთოს ან თქვას და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის. უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია. მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით რუსეთისგან დამოუკიდებელი, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა“, – დაწერა X-ზე ანდრეი სიბიგამ.
ანდრეი სიბიგას განცხადების პასუხად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინა კვლავ მათ ენერგოუსაფრთხოებაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
„შეწყვიტეთ ჩვენს ენერგეტიკული უსაფრთხოებაზე შეტევა! ეს ჩვენი ომი არ არის!“, – დაწერა პიტერ სიიარტომ X-ზე.
ბუდაპეშტის თანახმად, უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო, აგვისტოში უკვე სამჯერ შეწყდა ნავთობის მიწოდება მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით, საიდანაც უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობს იღებენ.
ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა უნგრეთის ვეტოს გამო, ამ დრომდე ვერ შეძლო პირველი კლასტერის გახსნა.
