აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის მოქმედების გაფართოებული რადიუსის 3350 რაკეტის (ERAM) მიყიდვას – იუწყება გამოცემა The Wall Street Journal-ი, წყაროებზე დაყრდნობით. რაკეტები უკრაინაში ჩავა დაახლოებით ექვსი კვირის ვადაში.
გაზეთის წყაროთა სიტყვებით, 850 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტი მოიცავს “სხვა საგნებსაც” და ის ძირითადად ევროპის ქვეყნების მიერაა დაფინანსებული. წყაროები აღნიშნავენ, რომ რაკეტების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადადებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრებამდე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას უთხრეს, რომ 450-მდე კილომეტრის რადიუსში მოქმედი ERAM-ის რაკეტების გამოყენებისთვის უკრაინას პენტაგონის ნებართვა დასჭირდება.
იწყებიან, რომ გაზაფხულის ბოლო პერიოდიდან აშშ უკრაინას არ აძლევს უფლებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები გრძელი რადიუსის რაკეტებით განახორციელოს. საქმე ეხება არა მხოლოდ ამერიკულ რაკეტებს, არამედ იმ იარაღსაც, რომელიც უკრაინას ევროპის ქვეყნებმა მიაწოდეს და რომელთა კონსტრუქციაც მოიცავს აშშ-ში წარმოებულ კომპონენტებს.
კერძოდ, პენტაგონის თანხმობა ესაჭიროება Storm Shadow-ის ტიპის ბრიტანული რაკეტების გამოყენებას.
გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენების შესახებ კიევის განაცხადების განხილვის მექანიზმი შეიმუშავა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ. გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო სიტყვა ეკუთვნის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს.
WSJ აღნიშნავს, რომ დატყმების განხორციელებაზე დასტურის შესახებ პენტაგონის მოთხოვნამ ფაქტობრივად გააუქმა წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის გაცემული ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების ATACMS-ის ტიპის რაკეტებით წარმოებაზე.
