„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი პატარიძემ შეცვალა ბეჟან ობგაიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ რაღაც ორი თვის წინ დაინიშნა.
იუსტიციის სამინისტროში არ განმარტავენ საკადრო ცვლილების მიზეზს და უკავშირდება თუ არა ეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თანამდებობები დაატოვებინეს N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელ დავით გოგობერიშვილს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ქემოკლიძეს.
გამოძიების ვერსიით, „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“.
