რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, როდესაც შეხვედრას დეტალური დღის წესრიგი ექნება, თუმცა ასეთი გეგმა ჯერ არ არსებობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა NBC-ის გადაცემაში Meet the Press.
„ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად. პრეზიდენტმა ტრამპმა ანკორიჯში [პუტინთან] შეხვედრის შემდეგ შემოგვთავაზა რამდენიმე პუნქტი, რომლებსაც ვიზიარებთ და დავთანხმდით, რომ ზოგიერთი მათგანის მიმართ მოქნილობა გამოვავლინოთ,“ თქვა ლავროვმა.
ლავროვის სიტყვებით, ეს პუნქტები ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა.
„არის რამდენიმე პრინციპული პუნქტი, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, უნდა იქნეს მიღებული, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და ტერიტორიული საკითხების განხილვა. ზელენსკიმ ყველაფერზე უარი თქვა“, განაცხადა ლავროვმა.
„როგორ შეგვიძლია შევხვდეთ ადამიანს, რომელსაც თავი მოაქვს, რომ ის ლიდერია?“ იკითხა ლავროვმა.
ერთი დღით ადრე ლავროვმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ „საგულდაგულო მომზადებისა“ და „ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხის გადაწყვეტის“ შემდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია კიევის უსაფრთხოების გარანტირებისთვის უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგება.
მიმომხილველთა აზრით, ლავროვის განცხადებებმა საფრთხე შეუქმნა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებს.
ფორუმი
