ბრალდების მხარემ თქვა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი პიროტექნიკას ისროდა, ჩვენ ამას არც უარვყოფთ, ვიდეოშიც ჩანს, მაგრამ პიროტექნიკის გასროლა ხდება ჰაერში, ეს კი დანაშაული არ არის, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ინსაფ ალიევის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობამ, მათი ვერსია და მოწმე პირების ჩვენებებში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს აქციაზე დანაშაული არ ჩაუდენია.
„დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვიყავით, წარმოდგენილი მყავდა 6 პირდაპირი მოწმე, რომელიც გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს უწყვეტად ხედავდნენ და ის პიროტექნიკას პოლიციელების მისამართით არ ისვრის. ეს კარგია, რადგან გამოკითხვის ოქმში არსებული თითოეული სიტყვა უდავოდ არის მიჩნეული, ეს კი ნიშნავს, რომ ბრალდების მხარე მეთანხმება, რომ რაც წერია გამოკითხვის ოქმებში არის სიმართლე.
დასკვნით სიტყვაში, ასევე არ მომისმენია, რომ ჩემი რომელიმე მოწმის ინფორმაცია ან მცდარი, ან რაიმესთან წინააღმდეგობაში მოდის. დასკვნით სიტყვაში, ბრალდების მხარემ თქვა, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის საფუძველზე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი იმ ტერიტორიაზე იდგა და პიროტექნიკას ისროდა, ჩვენ ამას არც უარვყოფთ, ვიდეოშიც ჩანს, მაგრამ პიროტექნიკის გასროლა ხდება ჰაერში და ეს დანაშაული არ არის.
ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში, უშუალოდ დანაშაულო როგორ განხორციელდა, ორგანიზატორობას ვისაც ედავებიან, ვინმეს რომ ხელმძღვანელობდნენ ეს ვერ დაადასტურა“, – განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული ისნაფ ალიევი პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთებს ისროდა და სხვა პირებთან ერთად გზის სავალ ნაწილზე ბარიკადებს ამონტაჟებდა, რომ შსს-ს თანამშრომლებს გადაადგილებაში ხელი შეშლოდათ.
ნიკოლოზ ჯავახიშვილზე კი პროკურორმა განაცხადა, რომ ის პიროტექნიკას ისროდა პოლიციელების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
