რუსთაველის გამზირზე დაკავებულ აქტივისტებს, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
პროკურორი ნინო ჟვანია მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მან განაცხადა, რომ ბრალდებულებმა 1-ელ აგვისტოს, პარლამენტის მიმდებარედ, “ამჟამად გამოძებისთვის დაუდგენელ სხვა პირებთან ერთდ” ფიზიკური ზიანი მიაყენეს ბექა გოცირიძეს. პროკურორმა განმარტა, რომ თოშხუა და შერვაშიძე თავად გოცირიძემ ამოიცნო.
“როდესაც ერთი პირის მიმართ 10-ზე მეტი პირი ახორციელებს ძალადობრივ ქმედებას, წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ [ფაქტს]”, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.
პროკურორი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა ისინი მიიმალონ, ჩაიდინონ სხვა დანაშაული, ან ზეწოლა მოახდინონ მოწმეებზე. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზრზე და განაცხადა, რომ როდესაც ბრალდებულები არ ერიდებიან მსგავს ქმედებებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ პიროვნებაზე.
ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა, რომ საერთოდ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ წარდგენილი ბრალი არის ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს არასაპატიმრო სანქციებსაც. თუმცა, იმ შემთხვევისთვის, თუ მოსამართლე გადაწყვეტს რომელიმე ფორმის გამოყენებას, ადვოკატმა მოითხოვა ბრალდებულების გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ – მისი ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოს მიანდო ბრალდებულების ეკონომიკური მდგომაროების გათვალისწინებით. ასევე, ბრალდებულები მზად არიან სხვა დამატებითი შემზღუდავი მექანიზმებისთვისაც.
დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ბექა გოცირიძე წინასწარ ამზადებდა პროვოკაციულ ქმედებას და ამის დამადასტურებელ არაერთ მტკიცებულებას წარუდგენს სასამართლოს. ფურცელაძემ თქვა, რომ ბექა გოცირიძე, რომელიც, როგორც სოცილურ ქსელში გავრცელებული მისი ვიდეობით ირკვევა, ბევრად ადრე გეგმავდა აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, 31 ივლისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მივიდა შეიარაღებული – “საკმაოდ მოცულობითი” დანით. ის ჯერ იგინებოდა ზოგადად აქციის მონაწილეების მისამართით, შემდეგ კი მივიდა კონკრეტულ ქალებთან და პირადად მიაყენა მათ შეურაცხყოფა (სავარაუდოა, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარე მათ მოწმეებდ მოიწვევს).
როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდებულები მასთან მივიდნენ და ჰკითხეს, რატომ იგინებოდა, რის შემდეგაც ის თავს დაესხა როგორც თოშხუასა და შერვაშიძეს, ისე აქციის კიდევ ერთ მონაწლეს – გაიოზ კალანდაძეს. მის დაკითხვას, სხვა 4 პირთან ერთად ადვოკატი არსებითი განხილვის ეტაპზე გეგმავს. დაპირისპირების დროს გოცირიძეს დაუვარდა დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა საპატრულო ეკიპაჟს ჩააბრეს.
პროკურორი ნინო ჟვანია ამტკიცებს, რომ დანა საქმეში ფიზიკურად არ არსებობს. მან თქვა, რომ იმ დაშვებითაც კი, თუ იმ დღეს პოლიცვიას დანა ჩააბარეს აქციის მონაწილეებმა “არავინ არ იცის ვისი დანაა ეს”. მან განმარტა, რომ ამორებული აქვთ 112-ის ვიდეო-ჩანაწერები, რომლებშიც ინციდენტი ჩანს ყველა შესაძლო რაკურსით და არცერთ ვიდეოში არ ჩანს, რომ ბექა გოცირიძეს ჯიბიდან დანა უვარდება.
ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე.
პროკურატურა თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ედავება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ბ ქვეპუნქტის დარღვევას, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თოშხუა და შერვაშიძე დააკავეს ორი დღის წინ, 16 აგვისტოს.
ამავე თემაზე:
· „როგორც გადმოცემით ვიცი, გოცირიძეს თან ჰქონდა დანა“ – აქციაზე დაკავებულების ადვოკატი
