პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ბრალდების მხარე სარგებლობს.
როგორც პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა დასკვნითი სიტყვისას განაცხადა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.
„2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც მიიღო სისტემური ხასიათი. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ხანგრძლივი დროით გამოხატავდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ისროდნენ ადვილად აალებად, ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს, შსს-ს თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდნენ და თავს ესხმოდნენ მათ და საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მათი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტი – საქართველოს პარლამენტი.ასევე, დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა და კერძო პირთა ქონება.
ზემოაღნიშნულ მოქმედებებს აორგანიზებდა და ხელმძღვანელობდა ზვიად ცეცხლაძე, რომელმაც 30 ნოემბერს ძალადობაში მონაწილე პირებს გააცნო ჯგუფური ძალადობის გეგმა. განსაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა.
მან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებს დაავალა დაემზადებინათ ფარები და სხვადასხვა ნივთები. ასევე, მოუწოდა, რომ სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის გაეგრძელებინათ პიროტექნიკისა და ქვების გამოყენება და ეს ყველაფერი განეხორციელებინათ ორგანიზებულად.
ასევე ვეფხია კასრაძე და კაძელაშვილი ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის გეგმას და ხელმძღვანელობდნენ. ასევე, მათთვის არასასურველი პირების გადაადგილების მარშრუტები უნდა შეესწავლათ და მათი ქონება უნდა დაეზიანებინათ.
ისნაფ ალიევი ქვას, ქვის ფილას და იქვე მოძიებულ ნივთებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით. ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილეებთან ერთად გზის ჩახერგვის და სამართალდამცველების გადაადგილების ხელი შეშლის მიზნით აგებდა ბარიკადებს.
2024 წლის პირველ დეკემბერს თორნიკე გოშაძე ქვას და შუშის ბოთლს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით.
2024 წლის 29-30 ნოემბერს და 2 დეკემბერს, გიორგი გორგაძე ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით.
2024 წლის 29-30 ნოემბერს ირაკლი მიმინოშვილი ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი პიროტექნიკას ისროდა პოლიციელების მიმართულები, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”,- განაცხადა პროკურორმა.
პროკურორი სასამართლოში გამოკითხული მოწმეების ჩვენებებს განიხილავს და აცხადებს, რომ მოწმე პოლიციელების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს სამედიცინო დოკუმენტაციაც ადასტურებს, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებას წარმოადგენს.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
