“იმაზე ცუდი არ არის, რაც მანამდე იყო” – მეღვინე რთველის სუბსიდირების ცვლილებებზე

მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი რთველის სუბსიდირების ცვლილებებს დადებითად აფასებს. მისი აზრით, რთველის სუბსიდირების პროგრამა მრავალი წლის განმავლობაში არაეფექტური იყო და არა მხოლოდ ბიუჯეტს აწვებოდა, ასევე მევენახეს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების მოტივაცია უკარგავდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა. უწყების ინფორმაციით, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო “მოსავლის მართვის კომპანია” შეიძენს. ამასთან, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში.

მეღვინეს შეფასებით, შეთავაზებული მოდელი, რაც სახელმწიფო მევენახეებსა და კერძო ბიზნესებს სთავაზობს იმაზე ცუდი არ არის, რაც მანამდე იყო. მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამაში ჩართულ მევენახეებს არ ჰქონდათ სტიმული, რომ უკეთესი ხარისხი ეწარმოებინათ, ვინაიდან ფასი ნებისმიერი ტიპის ნედლეულზე ერთი იყო.

„შეთავაზებული მოდელი იმაზე ცუდი არ არის რაც მანამდე იყო, რადგან გარკვეულწილად ერთი საწარმო რჩება, რომელიც ამ ყურძენს [სრულად] შეისყიდის. თუმცა, აქაც არ ვიცი რამდენად აქვს საწარმოს შესაბამისი რესურსი იმისა, რომ ყველა ყურძენი შეისყიდოს“, – თქვა მან.

იაგო ბიტარიშვილის მოსაზრებით, როდესაც კერძო მარანი თავისუფალია და როგორც მეღვინე ამბობს არ იბარებს „გაურკვეველ“ ყურძენს, ამ შემთხვევაში, ის თავად წყვეტს როგორი ყურძნით სურს პროდუქციის წარმოება და თავად ხდება ხარისხის მაკონტროლებელი.

„თუ კი ჩვენ ვიძახით, რომ სუბსიდირება არასწორი იყო, როგორც ბიუჯეტისთვის, ისე სექტორისთვის და სახელმწიფოსთვის, ამდენი ხნის განმავლობაში სუბსიდირებით სარგებლობა და ახლა გარკვეულწილად უკმაყოფილება არ მიმაჩნია სამართლიანად. მაშინ, იმ მარნებმა რა ქნან, რომლებსაც არასოდეს უსარგებლიათ სუბსიდირებით და არ შეუძენიათ ამ პროგრამის ფარგლებში ყურძენი?

ვფიქრობ, როდესაც კერძო მარანი თავისუფალია და არ არის ამ პროგრამაში, რის ფარგლებშიც პირდაპირ რომ ვთქვათ არ იბარებს გაურკვეველ ყურძენს, მეღვინეს უკვე აქვს არჩევანის საშუალება, თუ როგორი ყურძნით სურს პროდუქციის წარმოება, რა ჯიში უნდა რომ აწარმოოს და ა.შ. შესაბამისად, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ხარისხი თავად აკონტროლო. ან შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ მარნებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ვენახები, გააშენონ ვენახები და ჰქონდეთ საკუთარი ყურძენი“, – ამბობს მეღვინე.

ინფორმაციისთვის, 2025 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “მოსავლის მართვის კომპანია” 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.