გიგა ჯოხაძე: აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხები იქამდე, ვიდრე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შედეგებს გავიგებთ

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხები იქამდე, ვიდრე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შედეგებს გავიგებთ:
1. პუტინის ერთადერთი მიზანი არა მშვიდობის დამყარება, არამედ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ომის დიპლომატიური გზებით დამთავრების ილუზიის შექმნაა. მთავარი მიზანი – რაც შეიძლება მეტი დრო მოიგოს და დონეცკზე მეტი ტერიტორიული კონტროლი მოიპოვოს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ წუთებშიც სგან საჰაერო დარტყმებს ელოდება;
2. ტრამპს მხოლოდ ერთი რამ ანაღვლებს – ნობელის პრემიის მიღება მშვიდობის დარგში. ამ მიზნისთვის ის ყველაფერზე წავა, მათ შორის განიხილავს პუტინისადმი ტერიტორიულ დათმობებს. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტერიტორიული დათმობები აუცილებლად იქნება – საბოლოო ჯამში, უკრაინის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება;
3. უკრაინა ნამდვილად არაა ისეთ სიტუაციაში, რომ “დიდი ბიჭების” თამი გაიწიროს. ფრონტი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ამ ტემპებით, რუსეთს 90 წელი დასჭირდება დარჩენილი უკრაინის ასაღებად. ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც (ვაშინგტონმა კრემლთან მოილაპარაკა უკრაინის მხრიდან ტერიტორიის დათმობაზე), უკრაინა მარტო არ რჩება – უკრაინას ყავს ერთგული მხარდამჭერები ევროპაში, რომლებიც უკრაინას მარტოს არ დატოვებენ. სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან აშშ-ის ჩახსნა უკრაინისთვის მძიმე დარტყმა იქნება, თუმცა, არა ლეტალური. ყველაფრის მიუხედავად, თუ აშშ დათანხმდება ევროპელებისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვას, ევროპელები იყიდიან ამერიკელებისგან იარაღს და უკრაინას გაუგზავნიან. მოკლედ, ასეთ ნაცრისფერ სცენარშიც კი ყველაფერი დაკარგული არ იქნება;
4. ასე ჩანს, რომ ტრამპის მხრიდან პუტინთან ალასკაში შეხვედრა გრძელვადიანი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შესაძლებლობის მოსინჯვა უფროა, ვიდრე რაიმე ტერიტორიულ დათმობებზე წასვლის მზაობა. კი, ტრამპი და პუტინი ტერიტორიული დათმობების საკითხს განიხილავენ, თუმცა, ეს არ იქნება კონკრეტული შეთანხმება. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო სიტყვა უკრაინაზეა. თუმცა, სამწუხაროდ, ტრამპს ისევ აქვს ბერკეტი მისი აღქმით უფრო “სუსტზე”, ანუ უკრაინაზე ზემოქმედების და იმედია ამ გზას არ აირჩევს;
5. ალასკაში პუტინის ვიზიტი ამ უკანასკნელის დიპლომატიური გამარჯვებაა. საერთაშორისო დამნაშავე ჩადის შეუფერხებლად ამერიკაში, ორი ლიდერი ერთმანეთთან თბილად პოზირებს. ეს ცუდი სიგნალია – პუტინმა მოახერხა 3.5 წლის შემდეგ დიდი დიპლომატიური იზოლაციის გარღვევა;
6. ტრამპი არაპროგნოზირებადია და რას მოიმოქმედებს არავინ იცის. მან თავისუფლად შეიძლება გაზარდოს წნეხი უკრაინაზე, თუ იფიქრებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების რეალური პერსპექტივა არსებობს. თუ უკმაყოფილო დარჩა, თავისუფლად შესაძლებელია წნეხი რუსეთზე გადაიტანოს და მას სანქციებით დაემუქროს. თუმცა, სამწუხარო ისაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დროის გაჭიანურება პუტინს აწყობს, რადგან მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი დროის მოგება და რაც შეიძლება მეტი უკრაინული ტერიტორიის დაკავება, რათა შემდეგ მოლაპარაკებებში უფრო ძლიერი ზურგი ჰქონდეს.