ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე მნიშვნელოვნად აფასებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას გულისხმობს. მან ამის შესახებ დღეს გამართულ ინვესტორთა საბჭოს შემდეგ ისაუბრა.
„ბიზნეს ასოციაციამ მივულოცეთ მთავრობას, პარლამენტსა და საქართველოს ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ გასულ კვირაში მიიღო. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ ის ქვეყნები, რომლებმაც გაიარეს ის გზა, რაც საქართველომ უნდა გაიაროს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება. ბიზნესისთვის ეს ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნება, რადგან ამ ქვეყნებში, ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესი, კომპანიების კაპიტალიზაცია და საბოლოოდ, ეს არის ამოცანა, რის გამოც იქმნება ბიზნესი”, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უფრო უსაფრთხოსა და სანდოს ხდის, რაც ინვესტიციების მოზიდვისთვის უმნიშვნელოვანესია.
„პირველ რიგში, უფრო მეტი ურთიერთობა და ეფექტიანი პარტნიორობა ექნებათ ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზართან. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტორები ყოველთვის კითხულობენ ამის შესახებ, ეს არის რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და, ამ განცხადების შემდეგ, საქართველო და ქართული ბიზნესი თანდათან უფრო უკეთ იგრძნობს საკუთარ თავზე, რომ უფრო მეტად უსაფრთხო ხდება.
როცა ქვეყნისადმი ნდობა იზრდება, უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებსაც სჭირდებათ ინვესტიციები, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები და ეკონომიკური განვითარების ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს”, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.