ევროპის სუპერთასს უდინეში დავესწარით. მთელი იმ დღეების განმავლობაში, რომელიც იტალიაში გავატარეთ, ქართველი სპორტსემენების მიმართ თბილი დამოკიდებულება შეინიშნებოდა და ამ საქმეში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი განსაკუთრებულია. მან გულშემატკივრებს თავი როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა შეაყვარა. რაც შეეხება ევროპის სუპერთასს, ის პსჟ-ის მორიგი ევროპული ტრიუმფით დასრულდა – ამ კლუბის მფლობელებს ყველა მიზანი და სურვილი უსრულდებათ.
ამ მატჩზე მსჯელობა შორიდან უნდა დავიწყოთ. შთამბეჭდავი წლის შემდეგ მაშინვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლამ პარიზელებს დიდი ძალები წაართვა, რაც იმ ტურნირის ფინალში გამოჩნდა, შვებულებიდან “ტოტემჰემთან” დაპირისპირებამდე კი ცოტა დრო იყო და ეს გუნდს მაინც შეეტყო, ტონუსი აკლდა.
ლუის ენრიკემ სუპერთასზე უკვე მეორე გუნდთან ერთად გაიმარჯვა, ის დიდი მწვრთნელია, მაგრამ გარკვეული კითხვები მასთან გაგვიჩნდა, უფრო მომავალი სეზონის კონტექსტში.
გასული სეზონის ბოლოს პსჟ-ის ერთ-ერთი ძლიერი წერტილი ის იყო, შემტევები პოზიციებს ცვლიდნენ და ეს მოწინააღმდეგეებს თავგზას ურევდა. ახლა, როცა გუნდის თამაში სათანადოდ არ მიდიოდა, ესპანელი სპეციალისტი თითქოს ჯიუტად კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგს არ აშორებდა, ბარკოლას კი მარცხენას. როგორც წინა მატჩებში გამოვკვეთეთ, დემბელეს ხშირად “რვიანის” ფუნქციები ევალება, სიღრმეში ჩადის და თამაშის იქედან გამწვავებას ცდილობს, მაგრამ ისეთი დაკარგვები ჰქონდა, საქმიდან ბევრი არაფერი გამოვიდა.
გუნდს სიახლეები დასჭირდება, მაგრამ მის ავ-კარგიანობის გარკვევას შედეგები მინიმალურად უნდა შეეწიროს.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მწვრთნელის მხრიდან განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულება გვახსოვს, მაგრამ ბოლო ორი მატჩია, როცა გუნდი სათანადოდ ვერ გამოიყურება და საუკეთესო შეხვედრა არც “კვარას” აქვს, მისთვის არა ოპტიმალური პოზიციის ძიება და ნდობის ბოლომდე გამოცხადება, არამედ მინდვრიდან გაჰყავთ. ბევრჯერ დავწერეთ, ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფორმა და ხასიათი რომ მივიღოთ, მაქსიმალურად დიდი ნდობა უნდა იგრძნოს, ასე გაცილებით მშვიდადაა. მითუმეტეს, თუკი გუნდი კარგ კონდიციებში არაა, ეს ქართველის ხასიათზე მოქმედებს, ემოციური ხდება.
სეზონის სტარტი და პირველი მატჩები კიდევ უფრო მეტს გვეტყვის. გუნდი დალაგების პროცესშია, მომსვლელ-წამსვლელები საბოლოოდ არ გარკვეულან, მათ შორის სუპერთასის ერთ-ერთი გმირის, რამოშის ამბავი.
მაინც გვგონია, პარიზელები ფორმის პიკს კვლავ გაზაფხულზე მიაღწევენ, კვარაცხელიათი გაძლიერების არ იყოს, ახლაც იანვარში სრულფასოვნად შეივსებიან და შემდეგ არც ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგა გამოვრიცხოთ!..
გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
დღეს მამარდაშვილი “ლივერპულში” პირველი ტიტულის მოგებას ეცდება – სად შევძლებთ ინგლისის სუპერთასის ყურებას?
“უმადურები – დონარუმას გარეშე ვერასოდეს მოიგებდნენ ჩემპიონთა ლიგას” – ჯანლუიჯის მეგობარი გამოექომაგა
ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? – ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
უპატივცემულობა – დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
“ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდებთან და არა მესისთან და მბაპესთან ერთად ამიტომ მოიგო” – შოტლანდიელი მწვრთნელი
