ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესზე დღეს ოთარ ფარცხალაძის სახელმა გაიჟღერა – “პირველების“ კორესპოდენტის ცნობით, სხდომაზე დაკავებულის, გიორგი მიქაძის ადვოკატმა ლევან ჯანგველაძის ახლო გარემოცვის წევრის, მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენება წაიკითხა, რომელიც საქმის მასალებში დევს.
ადვოკატის თქმით, ბერძენიშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ მოკლულ ლევან ჯანგველაძეს აფრთხილებდნენ, რომ ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს უნდა მორიდებოდა.
ბერძენიშვილის ჩვენება არის აგებული, რა მოისმინა მან აწ განსვენებული ლევან ჯანგველაძის დაკრძალვაზე, ამიტომ მისი ამ ჩვენებაზე დაყრდნობა არის დაუშვებელი, ვინაიდან, ამ ადამიანს პირადად რაიმე ისეთი, რაც მიქაძეების მხრიდან ან ფარცხალაძის მხრიდან მუქარას უკავშირდებოდა, პირადად არ მოუსმენია. ვიღაც კავკასიელი პირებისგან გაჟღერდა და ასევე მოისმინა დაკრძალვაზე. ეს მოწმე ასევე უთითებს ჩვენებაში, რომ აწ განსვენებულ ლევან ჯანგველაძეს ჰქონდა რაღაც შიშები უსოიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, თითქოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის იყო ამ მკვლელობაში გარკვეულწილად მონაწილე პირი და მასთან დაკავშირებით ჰქონდა შიშებიო. ასე უთითებს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი რომ აძლევდეს ჩვენებას და იყოს პირდაპირი მოწმე ამ გარემოების, რასაც უთითებს, კიდევ ხო, მაგრამ ის ვერ ასახელებს წყაროს და ეს რაღაც სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ ასეთ ჩვენებას არავინ უნდა დაეყრდნოს. გამოვრიცხავ რომ ძმებმა მიქაძეებმა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება”, – ამბობს ადვოკატი.
თუ ბერძენიშვილის ჩვენება სახელმწიფო ბრალდებამ მიქაძეების წინააღმდეგ ჩადო საქმეში, ახლა ისმის კითხვა, რატომ არ არის ბრალდებული ოთარ ფარხალაძე რადგან ბერძენიშვილს ზუსტად იდენტურად ჰყავს ნახსენები ჩვენებაში ოთარ ფარცხალაძეც.
ამის შესახებ დღეს კითხვა “პირველებმა” საქმის პროკურორს დაუსვა.
ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენება საკმარისი მტკიცებულება არ არის, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მარტო მოწმეთა ჩვენებებით არ ხდება ამ ხალხის ბრალდება. ბრალდებას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, ინფორმაციების და ფაქტების ერთობლიობა, ვის მიმართაც ამ ეტაპზე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, ყველა პირი პასუხისგებაშია მიცემული. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს განჩინებით დააკავა სამი ადამიანი და წარუდგინა ბრალდება, ასევე ორს დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდების მხარე აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, – განაცხადა ვეფხვაძემ.
დღეს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, ხოლო გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
ბრალდებულებისთვის ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას, სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შემდეგი პროცესი 7 ოქტომბერს ჩაინიშნა.