ზუგდიდში უმძიმესი დანაშაული მოხდა. 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, “ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე სამზარეულოს დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა აფხაზავა. მოკლულს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული თურმე მეგობრობდნენ”.
ადგილობრივების თქმით, მოკლული ოჯახის ახლობელი იყო. რატომ მივიდა საქმე ამ უმძიმეს დანაშაულამდე, ამას ახლა სამართალდამცავები ადგენენ.
ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე, ცხელ კვალზე სახლიდან აიყვანეს. მას მიმალვა არ უცდია. მომხდარზე ინფორმაცია სამართალდამცავებმაც უკვე გაავრცელეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1991 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,” – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ამბობენ, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა იყო. მოკლულ ახალგაზრდა ქალს დადებითად ახასიათებენ ადგილობრივები. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ნათია აფხაზავა მკვლელობაში ბრალდებულს ეჭვიანობის საბაბს არ მისცემდა.
“შოკირებული ვარ ამ ამბით. მოკლულია სიცოცხლით სავსე ნათია აფხაზავა. მართლა უკარგესი ადამიანი. დღეს ვნახე პირადად, ჩემთან იყო კლინიკაში მოსული 12 საათზე, გეგმურ ვიზიტზე. ნათია სოფელ ოდიშიდან არის. წლები გერმანიაში ცხოვრობდა, გერმანელი მეუღლე ჰყავს და ორი მცირეწლოვანი შვილი. ახლა შვილებთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული. აქ რომ ჩამოვიდოდა, ყოველ წელს მოდიოდა კლინიკაში და იკეთებდა გეგმურ გამოკვლევებს. ყველაფერს იმოწმებდა. ოფიციალურად დარეგისტრირებულია ჩვენს კლინიკაში და დღესაც დათქმულ დროს, გერმანული სიზუსტით მოვიდა. ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან. ვერ წარმომიდგენია ნათიას ვინმესთვის რამე რომ დაეშავებინა. როგორც ვიცი, მთელ საახლობლოს და ნათესავებს პატრონობდა. ყველას უყვარდა. დღეს 12 საათზე რომ მოვიდა ჩემთან, გადასარევ ხასიათზე იყო. სიცოცხლით სავსე, ენერგიული და საქმიანი გოგო იყო. ისეთი ადამიანი, რომელიც თავს დაგამახსოვრებს ადამიანს. მართლა არ ვიცი რატომ მოკლეს, რატომ გაიმეტეს ნათია მოსაკლავად. შოკში ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ. ძალიან განვიცდი მომხდარს. არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი ადამიანი მოკლეს. ეჭვიანობის ნიადაგზეო ითქვა, მაგრამ ეგ სისულელე ვერსია მგონია. არ მჯერა. წარმოიდგინეთ პაციენტი რომ ასე დაგამახსოვრებს თავს და ასე რომ განიცდი მის მკვლელობას, როგორი ადამიანი იქნებოდა ნათია. მან დაიმსახურა ჩემი პატივისცემა. შოკიდან ვერ გამოვდივარ. 5 და-ძმანი იყვნენ, ყველანი ნათიამ წაიყვანა გერმანიაში, ასწავლა და დაასაქმა. ძალიან საქმიანი და კარგი გოგო იყო. ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა და დარჩნენ ახლა უდედოთ მისი პატარები. თუ ვინმეს დასჭირდებოდა სანათესავოში ექიმთან ვიზიტი, ჩემთან აგზავნიდა. ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა ჩემი და ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე, გერმანიიდან მითანხმებდა ვიზიტებს. ისეთი მოწესრიგებული გოგო იყო. ის ვერსია, რაც გავრცელდა, თითქოს მკვლელობაში ბრალდებულმა ქმარზე იეჭვიანა, სისულელე მგონია. ძალიან მიჭირს ნათიაზე წარსულში ლაპარაკი. ძალიან განვიცდი მომხდარს და იმედი მაქვს გაირკვევა სიმართლე და დამნაშავე საკადრისად დაისჯება. მე არ ვიცნობ მკვლელობაში ბრალდებულს. როგორც გავიგე, ის წალენჯიხელი ყოფილა. ზუგდიდელი არ არის. დანაშაული ზუგდიდში მოხდა. არც ის ვიცი, რატომ დატრიალდა ასეთი საშინელი ფაქტი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აფხაზავა სხვას არ აწყენინებდა. არც ის ვიცი, იყო თუ არა დანაშაულის ჩადენის დროს სხვა პირებიც ტრაგედიის ადგილას. ვერავინ როგორ ვერ დაეხმარა?! ალბათ მეტი დეტალი გამოძიებით გაირკვევა. როგორც გავიგე, მკვლელობაში ბრალდებულს დაკავების შემდეგ პოლიციისთვის უთქვამს, რომ მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც ვიცი, დაუსახელებია ფარისებრივი ჯირკვლის პრობლემები, მაგრამ ეს დაავადება არ იწვევს ფსიქიკურ აშლილობას. შევიტყვე, რომ დღეს საღამოს, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი საღამოს მიუყვანიათ ჩვენს კლინიკაში, იქ სადაც დღეს ნათია იმყოფებოდა. როგორც ვიცი, კლინიკაში წევს ახლა და ალბათ კვლევები უტარდება. დეტალები ჯერჯერობით არ არის ჩემთვის ცნობილი, თუ რატომ მოხდა მისი კლინიკაში მოთავსება… მინდა მივუსამძიმრო მოკლული ახალგაზრდა ქალის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ექიმი, რომელიც პირადად შეხვდა დღეს მოკლულ ქალს.
რას ამბობს თავად ბრალდებული ქალი თავის ჩვენებაში. რა მოხდა რეალურად ტრაგედიის ადგილას, რატომ მიაყენა ნათია აფხაზავას მან დანით 14 ჭრილობა, ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ფაქტზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მომხდარი შემზარავი მკვლელობის ირგვლივ მეტი დეტალის გარკვევას ისევ შევეცდებით.