თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტი, ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე, მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები შესაძლოა მიუთითებდეს ახალი დანაშაულის ჩადენას და არ არსებობს მისი გათავისუფლების საფუძველი. დაცვის მხარის მტკიცებით კი, აღნიშნული გამორიცხულია. ადვოკატის პოზიციით, ზვიად რატიანი მხრიდან არ არსებობს მართლმსაჯულებისთვის შემშლელი რაიმე ფაქტორი და მეტიც, თვითონ „ზვიად რატიანი გამხდარა არაერთხელ პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი“.
რაც შეეხება უშუალოდ ზვიად რატიანს, მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში მარჯვენა ხელი დაარტყა. ბრალდებულის, ზვიად რატიანის განცხადებით კი, ის თავს დამნაშავედ არ თვლის. ამასთან, მან უპასუხა მოსამართლის შეკითხვას, ხომ არ გამხდარა წამების მსხვერპლი.
„ჩემთვის გასაკვირად და სასიამოვნოდ, ამჯერად არა… წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვთვლი“,- განაცხადა ზვიად რატიანმა.
ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
