ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საშობაო მიმართვას ავრცელებს

სამწუხარო სინამდვილეა, რომ რწმენისა და სულიერი ცხოვრების საკითხებისადმი ფორმალური და ზედაპირული მიდგომები სულ უფრო მეტად მოეძალა ჩვენს საზოგადოებას, რომლის ერთი (არცთუ უმნიშვნელო) ნაწილისთვისაც ორმაგი სტანდარტი ცხოვრების წესად ქცეულა, – ამის შესახებ სა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილშია ნათქვამი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში და მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადებთან გამკლავების სირთულეებს ვაწყდებით.
„ქვეყნად იშვა მესია, ადამის მოდგმის მხსნელი; განკაცდა ძე ღვთისა, სიტყვა მამისა („ლოგოსი“), რომლისაგან შეიქმნა ყოველი, „და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი–რაი იქმნა. მის თანა ცხოვრებაი იყო და ცხოვრებაი იგი იყო ნათელ კაცთა“ (ინ. 1,1–4). წმიდა ბეთლემის გამოქვაბულში, საქონლის ბაგაში, ქალწულ მარიამისგან იშვა ყრმა, რომლის ჩაუქრობელი ნათლის სხივები მოეფინება მთელ სამყაროს და განანათლებს ყოველ ადამიანს, მომავალს სოფლად. ქრისტიანული სამყარო მრავალფერად და ფართოდ აღნიშნავს ხოლმე ქრისტეს შობას, თუმცა, ამ დიადი მოვლენის შინაარსს და მნიშვნელობას ვერ იტევს ვერცერთი ასტრონომიული დღე და ვერც ადამიანის გონება აღიქვამს მას სრულად, რადგან ეს არის კოსმიური მასშტაბის მოვლენა: ის ეხება ყველას და ყველაფერს, „რაოდენი არს ცათა შინა ზე, და ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა“. ამიტომაც განკაცდა ღმერთი, რომ ვითარცა კაცი, ჩვენს ენაზე დაგვლაპარაკებოდა, ჩვენეული სააზროვნო სისტემით აეხსნა გზა გადარჩენისა, განვითარებისა, დაუსრულებელი სიყვარულისა, რითაც დღემდე გვაძლევს მაგალითს მთელ კაცობრიობას და, პირველ რიგში, მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას; გვასწავლის, თუ რა პრინციპებით უნდა ვიმოქმედოთ სამყაროში, რომელსაც მომუშაკება სჭირდება. ამ საოცარი სასწაულებრივი მოვლენის დიდებულება კიდევ ისიც არის, რომ ეს ყოველივე აღსრულდა პირადად შენთვის, არ შემშლია, პირადად შენთვის, რადგან ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს გვირგვინი ხარ შენ, როგორც პიროვნება, და არის თითოეული ადამიანი პირადად თუ ცალ-ცალკე; სწორედ ეს ცითმონიჭებული პატივი, უფლისმიერი სიყვარული და მზრუნველობა გვაძლიერებს რწმენაში, განგვამტკიცებს იმედში და გვარწმუნებს, რომ ღვთაებრივი სიყვარულისთვის საზღვრები არ არსებობს, რადგან სწორედ ეს სიყვარული უნარჩუნებს სამყაროს მდგრადობას.
ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვხედავთ კიდეც წუთისოფელში მოძალებულ ბოროტებას, სასტიკ ომებს, კაცთა კვლას, ძალადობას, ათასგვარ სენსა და უბედურებას და მაინც, მიუხედავად მრავალგვარი კატაკლიზმებისა, არ გვტოვებს იმედი ღვთიური კურთხევისა, რადგან მასში ვხედავთ და ვგრძნობთ დიდ ნუგეშს. ამას კი განაპირობებს ჩვენთვის ბოლომდე შეუცნობელი ჭეშმარიტება, რომ ღმერთი თვით სიყვარულია! „ყოველი, ვისაც უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, და რომელსა არა უყვარდეს, მან არ იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს. ამით გამოცხადნა სიყვარული ღმრთისაი ჩვენ შორის, რამეთუ ძე თვისი მხოლოდშობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაითა ვცხონდეთ მის მიერ.“ (1 ინ. 4,7–9). წმიდა მოციქული აქვე დასძენს: „ჩვენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა“ (1 ინ. 4,14) ქრისტეს დიდებული შობა ჩვენ მზერას მიაპყრობს ზეცას, რათა ანგელოზთა დასთან ერთად ვუგალობოთ მთელს სამყაროს საღვთო დიდებულების ჰიმნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლკ. 2,14).
ძვირფასო სულიერნო შვილნო, თქვენ იცით, რომ სამყაროში ქრისტეს შობის საიდუმლო განხორციელდა კონკრეტულ დროსა და სივრცეში, მაგრამ მისი შინაარსის საყოველთაო ხასიათი განაპირობებს, რომ მან დაიპყრო და დღესაც იპყრობს ადამიანთა გულებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რასისა, კანის ფერისა თუ სოციალური კუთვნილებისა; ეს ის ადამიანებია, რომლებიც ჭეშმარიტად ეძიებენ ღმერთს, ეძიებენ ჭეშმარიტ თავისუფლებას ღმერთში, გახსნილნი არიან და ნდობას უცხადებენ ზეციურ კურთხევას. ქრისტეს შობის დღესასწაულის მოახლოებისას, წლიდან წლამდე, ჩვენ ვიწყებთ მზადებას. სამზადისის კანონიკური სახეა საშობაო მარხვის დაწყება, რითაც ეკლესია სულიერად გვამზადებს და ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებსა და პრობლემებზე, რაც ადამიანში ღმერთის მიმართ გაუცხოებას თესავს და ღმრთის შემეცნების გზაზე დამაბრკოლებელი ყრუ კედლის აღმართვას უწყობს ხელს! სამწუხარო სინამდვილეა, რომ რწმენისა და სულიერი ცხოვრების საკითხებისადმი ფორმალური და ზედაპირული მიდგომები სულ უფრო მეტად მოეძალა ჩვენს საზოგადოებას, რომლის ერთი (არცთუ უმნიშვნელო) ნაწილისთვისაც ორმაგი სტანდარტი ცხოვრების წესად ქცეულა. ლოცვა და მარხვა ადამიანში სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების ერთგვარ კულტივირებას ახდენს და ჰარმონიაში მოჰყავს ისინი; … და სადაც ეს ხდება, იქ არის ახალი დაბადება, ახალი დასაწყისი, ჭეშმარიტი ფერისცვალება; იცვლება სამყარო, იცვლები შენ და იწყება ახალი, მანამდე უცნობი ცხოვრების ბედნიერება!
მახსენდება XX საუკუნის 90-იანების დასაწყისში ჩემი მსახურებითი გამოცდილებიდან ერთი ადამიანი, 60 წელს გადაცილებული ასაკისა, რომელმაც, ეკლესიაში მოსულმა, მისთვის მანამდე უცნობი სამყარო აღმოაჩინა და გარკვეული დროის შემდეგ ასეთი რამ მითხრა: „მამაო, 60 წელი მოვიყარე ისე, რომ ვცხოვრობდი, ვზრუნავდი ოჯახისთვის, ამ ქვეყნისთვის, თითქოს ცუდიც არაფერი გამიკეთებია, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ სწორედ მაშინ დავიბადე, ეკლესიაში რომ მოვედი და სულიერ ცხოვრებას შევუდექი“. ამ ოჯახში ხშირად მიწევდა მისვლა და დღითიდღე ვხედავდი, რომ ისინი სულ სხვა ადამიანები იყვნენ, ვიდრე მანამდე; თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა მათი ცხოვრება და ურთიერთობები. ამან ჩემზე წარუშლელი გავლენა იქონია, როგორც ცოცხალმა გამოცდილებამ.
ქრისტეს შობის მოახლოებისას ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურდება ხოლმე საეკლესიო კალენდრის თემა, გამოითქმის სხვადასხვა ვერსია და მოსაზრება, რასაც ამძაფრებს ხოლმე საახალწლო ზეიმთან დაკავშირებული უხერხულობები, რაც აწუხებს კიდეც ადამიანებს (მით უფრო, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია). ამასთან დაკავშირებით ამჯერად მოკლე შეფასებით შემოვიფარგლები: საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია (ასე ხდება დღესაც) ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე, თუმცა, გაუმართლებლად და დაუშვებლად მივიჩნევ, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ ვაქციოთ; აქვე იმასაც დავძენ, რომ ასევე აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტიულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს (უპირველესად) დედა ეკლესიის წინაშე.
მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს და ამაში გვარწმუნებს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილი გზა. ჩვენი ცხოვრება წარსულში და დღესაც მიმდინარეობს კონკრეტულ კულტურულ და გეო-პოლიტიკურ სივრცეში, რამაც თავისი კვალი დაატყო ჩვენი ერის მიერ დღემდე განვლილ ისტორიულ გზას, ჩვენს ეროვნულ და საზოგადოებრივ ცნობიერებას; სამყაროში განვითარებულმა ინდუსტრიულმა და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი გარემომცველი სამყაროსა და მსოფლიოს განუყოფელი, ორგანული ნაწილი. საკაცობრიო ცივილიზაციისადმი კუთვნილების განცდა, ერთი მხრივ, ხელს გვიწყობს, რომ დავანგრიოთ ჩვენში არსებული მეტისმეტად მავნე სტერეოტიპური წარმოდგენები სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, გვავალებს, რომ მივიღოთ და კარგად გავიაზროთ და გავიზიაროთ ის სიკეთე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. აქვე გეტყვით, რომ მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე და სწორედ ამის გაუთვალისწინებლობა იწვევს ხოლმე გაუთვალისწინებელ შედეგებს, როცა თითქოს სიკეთე გსურდა, მაგრამ იღებ საპირისპიროს, ანუ იმას, რასაც არ ელოდი, ან სულაც არ გინდოდა. კვლავ და კვლავ გავიმეორებ, რომ მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს, თუმც კი, ეს არ გამორიცხავს მიზანდასახულობას და პრინციპებისადმი ერთგულებას. ეს ყველაფერი კი თავს იყრის საღ აზრში, რასაც დაფასება სჭირდება. ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, ობიექტური სინამდვილე მიბიძგებს შევეხო საკითხთა გარკვეულ წრეს, რაც ჩვენი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ყოფითი ცხოვრებისთვის სერიოზულ საფრთხესა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს; ბევრ მათგანს მოსდევს დიდი ტკივილი და ტრაგედია, ცრემლი და უბედურება, რაც წინ ეღობება ადამიანთა სანუკვარი იმედების განხორციელებას, ოცნებების ახდენას. პრობლემათა ამგვარი წნეხის ქვეშ იმყოფება ჩვენი და თუ ძმა, შვილი თუ მშობელი, მეგობარი თუ ახლობელი, არაერთი ოჯახი. სხვადასხვა სირთულეთა სპექტრში, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თავისუფლების ტვირთი, რაც განუზომელ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს, საზოგადოებას და თითოეულ მის წევრს, თითოეულ ადამიანს. რა პასუხისმგებლობებია ეს? სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ქვეყნის სვე–ბედზე, მის უსაფრთხოებასა და განვითარებაზე, მოქალაქეთა კონსტიტუციური და სამოქალაქო უფლებების დაცვასა და სამართლიანი მოპყრობის თაობაზე და სხვა; (2) საზოგადოების პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და თანამოქალაქეთა მიმართ, სოციუმში არსებული პრობლემების წარმოჩენისა და მათი დაძლევისთვის ზრუნვა; (3) თითოეული მოქალაქის პერსონალური სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, მაგრამ პროცესი რთულია და მას კიდევ უფრო ართულებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ირგვლივ მიმდინარე რყევები, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ერთჯერადად გასავლელი გზა, არამედ ეს გახლავთ მუდმივად განგრძობადი პროცესი, სადაც მოდუნებას ვარდნის ეფექტი აქვს, შესაბამისი უარყოფითი შედეგებით.
იმედს გამოვთქვამ, რომ გარკვეულ ნიშნულს მივაღწევთ, სწორ ორიენტირებს შევინარჩუნებთ და სასურველ შედეგებზე გავალთ. ერთი რამ კი ცხადზე უცხადესია – მყარ საყრდენს მოკლებული იდეები, სურვილები, იმედები მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს, რასაც ადამიანი (საზოგადოება) უიმედობასა და ნიჰილიზმში შეჰყავს. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში და მოზღვავებულ ინფორმაციულ ნაკადებთან გამკლავების სირთულეებს ვაწყდებით; თითქმის გადაულახავ პრობლემად არის ქცეული სოციალურ ქსელებზე ადამიანების დამოკიდებულება, რაც სერიოზული, მრავალმხრივი რისკების შემცველია. ამ ფონზე სოციალური მედიის სპეციალისტთა მხრიდან ხშირად ისმის რიტორიკული კითხვა: „როცა ყველა ავტორები ვართ, ვის შეგვიძლია ვენდოთ?!“ ამ პრობლემათა გადაჭრა არ ნიშნავს ციფრულ სივრცესთან განრიდებას, რაც ჩვენს ეპოქაში შეუძლებელია! პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო წრეებისა და პროფესიული ჯგუფების, სამთავრობო და არასამთავრობო რესურსების კონსოლიდირებული მიმართვა პრობლემათა დაძლევისკენ, რასაც უკიდურესად ართულებს ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი დაპირისპირებულობა: ადამიანები ერთ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ერთი და იგივე სიტყვაში თუ წინადადებაში განსხვავებულ და საპირისპირო შინაარსს დებენ, რაც შეუძლებელს ხდის ურთიერთგაგებას და სულ უფრო მეტად ამწვავებს საზოგადოების დათითოკაცების პრობლემას. სამწუხაროდ, ასეთ საზოგადოებას კიდევ ბევრი სირთულე ელოდება წინ, მანამდე, ვიდრე თავის თავში არ მონახავს ამ სირთულეთა დაძლევის ნებას და ძალას. სოციალური მედიის მასშტაბურმა განვითარებამ ადამიანთა სოციალური აქტიურობის ფრაგმენტირება გამოიწვია, ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში ან, თუნდაც, თავიანთი თავისუფალი დრო გაატარონ მეგობრებთან ერთად. ამგვარი საზოგადოებრივი ინდიფერენტიზმი ხშირად საფრთხის შემცველია, მით უფრო ისეთი (ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი) საზოგადოების შემთხვევაში, როგორიც ქართული საზოგადოებაა, რომელსაც ჯერ კიდევ მძიმე ტვირთად აწევს უახლოეს წარსულში არსებული უაღრესად მავნე საბჭოთა მემკვიდრეობა და ჯანსაღი საზოგადოებრივი აქტიურობის მწვავე დეფიციტსაც განიცდის. ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ ასევე ისეთ საკითხებს, როგორიც არის ძალადობა ოჯახებში, ძალადობა ცხოველთა მიმართ; აქვეა ნარკომანიისა და აზარტული თამაშების მაცდუნებელი და მძიმე შედეგები, მით უფრო, რომ ის პროგრესირებს და უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებულია მოზარდებშიც; ამაზე მეტყველებს არსებული სტატისტიკაც. ჩვენო ძმებო და დებო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა ადამიანი ყოველი ქმნილების გვირგვინად შექმნა და შთაბერა მას სული სიცოცხლისა; თავის ხატად და მსგავსად შექმნა იგი; თავისუფალი ნება უბოძა მას, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი პასუხისმგებლობითაც აღჭურვა იგი, რათა, ვითარცა ყოველგვარ ქმნილებაზე მაღლა მდგომი, იყოს ყოველთა მსახური და იზრუნოს ყოველთა და ყოვლისათვის; ამისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა“ ადამიანი თავისი არსით მოაზროვნე და შემოქმედი არსებაა; სიახლის ძიება, (საკუთარი თავის) განვითარებაზე ზრუნვა და ახალ-ახალი აღმოჩენების კეთება მისი არსების შემადგენელი ნაწილია! იგი იტევს მთელ კოსმოსს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვერ იტევს ხოლმე მეორე ადამიანს. მან ამიტომ თავისი ცხოვრების მთავარი აღმოჩენა საკუთარ თავში უნდა გააკეთოს და პასუხი გასცეს ეგზისტენციალურ კითხვებს (რა არის ცხოვრების საზრისი? რას ნიშნავს თავისუფლება? რაში მდგომარეობს სიკვდილის გარდაუვალობა? და ა.შ.). ჩვენი ცხოვრება ეგზისტენციალური კრიზისების პირობებში მიედინება, რაც იმას გვაიძულებს, რომ სათანადო პასუხი გავცეთ ადამიანური ყოფის მწვავე გამოწვევებსაც. ბიბლიური ისტორიიდან ვიცით, რომ ჩვენი პირველწინაპარი თვით იდეალურ სამყაროშიც კი (სამოთხეში) არ/ვერ დასჯერდა ღვთივბოძებულ აბსოლუტურ სიკეთეში ცხოვრებას და „აღმატებული“ სიკეთის ძებნაში მოწყვეტილ იქნა საუფლო წიაღს; შედეგად კი აღმოჩნდა იქ, სადაც არის კიდეც დღეს მისი მოდგმა. ეს იყო დიდი კატასტროფის ტოლფასი დაცემა, მაგრამ ისიც ვიცით და ვნახეთ, რომ, მიუხედავად დიდი დაცემისა, ყოვლადმოსიყვარულე ღმერთის მადლით, ეს იქცა ადამიანისთვის ახალ დასაწყისად.
ადამიანის ცხოვრებაში ხდება შეცდომა, წაქცევა, მძიმე დაცემაც კი, მაგრამ, მერწმუნეთ, წამოდგომის სურვილი, მცდელობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მისი ალტერნატივა სიკვდილი და დამარცხებაა; ჩვენ სიცოცხლისთვის, გამარჯვებისთვის ვართ მოწოდებულნი; ღვთის გარეშე, მოყვასის გარეშე, ზღვარგადასული და დაუოკებელი ეგოს პირობებში, წამოდგომა და საკუთარ თავზე გამარჯვება შეუძლებელი ხდება. ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანი ვეღარ ხედავს სხვას, თავის იქით ვეღარც ღმერთს ხედავს და ვეღარც მეორე ადამიანს! ჩემო ძვირფასებო, სამყაროს ყველაზე მეტად ამძიმებს ცოდვა, ცოდვა მოუნანიებელი; არ დანებდე წუთისოფლის სულს, ყველაფერი გამოგივა, იცოდე, ღმერთს არასდროს მიუტოვებიხარ, თვით მაშინაც კი, როცა მარტოსული გგონია თავი. ზემოთ დასმულ პრობლემათა დაძლევის გასაღები თვით ჩვენშია. ქრისტე იშვა და ღმერთმა კაცობრიობას ახალი დასაწყისის, ახალ შესაძლებლობათა გზა გაუხსნა. ეს, უპირველესად, მეხება მე, გეხება შენ, ეხება მას, თითოეულ ჩვენგანს პერსონალურად! ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ფართოდ გახსნი გულისა და რწმენის კარს, რამდენად ენდობი უფალს, მას, რომელსაც არასდროს მიუტოვებიხარ! „კაცთათვის შეუძლებელი, ყოველივე შესაძლებელია ღმრთისა მიერ“ გეიმედებოდეთ, რომ ეს არის უდიდესი მამოძრავებელი ძალა წუთისოფელში მძვინვარე „ამა სოფლის თავადის“ წინააღმდეგ! ცხოვრება გრძელდება! ყოვლადძლიერი, ყოვლადმოსიყვარულე, ყოვლადმეცნიერი ღვთის შვილებს უცილობლად გვმართებს ღვთივბოძებული სულიერი, ფიზიკური, ინტელექტუალური და გონითი უნარების განვითარება, რათა ვძლიოთ წუთისოფელსა და ყოფიერების მავნე სულისკვეთებას! თქვენ შორის არაერთია, რომლის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, მეგობარი განსაცდელშია; ზოგი საპატიმროშია, ზოგი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, ზოგიც სხვა გარემოებათა გამო მძიმე განსაცდელშია. თითოეულ თქვენგანს, პირადად, და ყველას ერთად, ჩემს ძვირფას და საყვარელ სამწყსოს, გილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს და გლოცავთ! დაე, თითოეული თქვენგანის გულში გაბრწყინდეს წმიდა ბეთლემის ვარსკვლავი! იხარე მარად, ძვირფასო და მარად საყვარელო სამწყსოვ!-ნათქვამია მიმართვაში.