უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი – ილია მეორე
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
„ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ…
ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!
სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.
ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.
და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.
„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!
ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“