სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძისთვის 8-თვიანი პატიმრობის მისჯის შესახებ. ამაზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელმა გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, განაჩენი 8 აგვისტოთია დათარიღებული.
მამუკა ხაზარაძე 23 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. იგივე განაჩენი დადგა მისი თანაგუნდელის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც. ორივე მათგანი იმავე დღეს დააკავეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფისში.
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სადავო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია კიდევ ექვსი პოლიტიკოსი:
· ნიკა მელია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“);
· ნიკა გვარამია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“);
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“);
· გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“/„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“);
· ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი);
· გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი).
