მადონამ რომის პაპს მოუწოდა, ღაზაში ჩავიდეს და „ბავშვებს მისი სინათლე მიაწოდოს, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება.”
პოპ-ვარსკვლავმა პაპისადმი მიმართვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თქვა, რომ პოსტის დაწერა თავისი შვილის, როკოს დაბადების დღემ გადააწყვეტინა, რადგან მისთვის, როგორც დედისათვის, აუტანელია ღაზის ბავშვების ტანჯვის ყურება. როკო ორშაბათს 25 წლის გახდა.
მადონამ პაპ ლეონ XIV-ს მიმართა: „მსოფლიოს ბავშვები ყველას ეკუთვნის. თქვენ ერთადერთი ჩვენგანი ხართ, რომელსაც შესვლაზე უარს ვერ ეტყვიან .“ მომღერალმა დასძინა: „ჩვენ გვჭირდება, რომ ჰუმანიტარული კარიბჭეები სრულად გაიხსნას ამ უდანაშაულო ბავშვების გადასარჩენად. დრო აღარ არის. გთხოვთ თქვით, რომ წახვალთ. სიყვარულით, მადონა“.
მომღერალმა დასძინა, რომ ომში მხარეს არ იჭერს.
„მე არ ვიშვერ თითს, დამნაშავეს არ განვსაზღვრავ და არც მხარეს არ ვიჭერ. ყველა იტანჯება. მათ შორის მძევლების დედებიც“, – დაწერა მან. „ვლოცულობ, რომ ისინიც გაათავისუფლონ“. „მე უბრალოდ ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია, რომ ეს ბავშვები შიმშილით არ დაიხოცნენ.“
პაპი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გამოვიდა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოწოდებით და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, პატივი სცეს ჰუმანიტარულ კანონებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ვალდებულებას.
