დონალდ ტრამპმა თამაშის წესები შეცვალა და პუტინი ზეწოლას გრძნობს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა თამაშის წესები უკვე შეცვალა. მან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევისთვის პირობები შექმნა, რაც თავიდანვე მისი მიზანი იყო. დონალდ ტრამპმა პუტინზე რეალური ზეწოლა შექმნა. ამ ზეწოლის გარეშე პუტინი შეხვედრას არ დათანხმდებოდა“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისი თქმით, „შესაძლოა, მოლაპარაკებების ფარგლებში მიწების გაცვლა მოხდეს“.
„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, შესაძლოა, მიწების გაცვლა მოხდეს. დათმობები იქნება. ბოლომდე კმაყოფილი არავინ დარჩება, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს პრეზიდენტი ტრამპია“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ამასთან, კითხვაზე, 15 აგვისტოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს ალასკაზე იქნება თუ არა, ჰეგსეტმა უპასუხა, რომ „შესაძლოა“.
„არ ვიცი. ვნახოთ, ჩემი განრიგი როგორი იქნება. შესაძლოა“, – უპასუხა პიტ ჰეგსეტმა.
