ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რასაც ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება

გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ამას ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით , – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენება არის ინფორმაცია, რომელსაც პირი მიაწვდის სასამართლოს, შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება ფიცის დადების შემდეგ ამომწურავად მიაწოდა სასამართლოს და…მათ შორის, პროკურორის კითხვებს პასუხობდა, დაახლოებით, საათ-ნახევარი.
რაც შეეხება ურთიერთწინააღმდეგობრივ ჩვენებებს, მე დღეს თითქმის ნახევარი საათი ვსაუბრობდი, რომ ბრალდების მხარის მოწმეების, კერძოდ, “ქართუ ბანკის” წარმომადგენლის ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმის დროს მიწოდებულ ინფორმაციებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა და სწორედ ამის გამო არ უნდა მოხდეს გაზიარება.
არც გიორგი ბაჩიაშვილს, არც სხვა რომელიმე ბრალდებულს ჩვენი კანონმდებლობით არ ევალება, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, თუმცა, ჩვენ უკვე ორი წელია ვხედავთ ამ სასამართლო პროცესებს და რეალურად, გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ამას ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით, ისეთით, როგორიც არის სესხის ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი, საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებები და ა.შ.
ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება”, – განაცხადა ადვოკატმა.