“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელიც დაბეჯითებით ირწმუნება, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, აცხადებს, რომ 2018 წელს იმავეს თქმას არ ურჩევდა სალომე ზურაბიშვილს.
“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იყო “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მან განაცხადა, რომ “ჩვენ იმ დროს [2008 წელს] ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების”.
კობახიძე ამტკიცებს, რომ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს ურჩევდა, რომ “სიმართლის თქმა იმ მომენტში არ იყო მიზანშეწონილი”. ამის განმარტებისას კობახიძე კვლავ იმეორებს “ქართული ოცნების” დაუსაბუთებელ შეთქმულების თეორიას ე.წ. გლობალური ომის პარტიისა და “დიფ სთეითის” შესახებ, რომელიც თითქოს დასავლეთში არსებობს და ქვეყანას ომის დაწყებას აიძულებს:
კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილს ომის დაწყების შესახებ “სიმართლის” დამალვას იმიტომ ურჩევდა, რომ დაეცვა “ოცნებაში” ჩანერგილი “დიფ სთეითის” აგენტებისგან.
“მე მინდა გავიხსენო 2018 წელი. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი გააკეთებდა განცხადებას სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა შეკრება. მაშინ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და ჩემს კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა. ვიყავით მე, სალომე ზურაბიშვილი და პიარის ჯგუფის წარმომადგენლები, სადაც გავდიოდით პრობლემურ საკითხებს. რთულ საკითხებს, უფრო სწორად. ერთ-ერთი კითხვა დავუსვით სალომე ზურაბიშვილს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი ექნებოდა მას შეკითხვაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით, რაზეც მან გვითხრა, რომ რაც იყო სიმართლე, იმას იტყოდა – რომ ომი დაიყწო სააკაშვილის რეჟიმმა. ჩვენი რჩევა იყო, რომ შედარებით რბილად გასულიყო ამ საკითხზე. მან დაგვიდასტურა, დავმშვიდდით, თუმცა მეორე დღეს მან გააკეთა ხისტი განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მიზეზი ვუთხართ, რატომ არ იყო იმ მომენტში მიზანშეწონილი მისი მხრიდან ომის დაწყების თაობაზე განცხადების გაკეთება: გუნდის შიგნით გვქონდა პრობლემები – “დიფ სთეითის” აგენტურა იყო მაშინ, 2018 წელს, “ქართული ოცნების” გუნდში. არა, გახარიას არა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში დეპუტატებს – 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი მაშინ ჩვენს გუნდში. ასეთ ვითარებაში ჩვენ გაგვიჭირდებოდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა. გარდა ამისა, მას ვუთხარით, რომ მთელი საარჩევნო კამპანია აიგებოდა ამ თემაზე, რაც არ იყო ჩვენთვის მიზანშეწონილი. ის დაგვპირდა, რომ სხვანაირ განცხადებას გააკეთებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, თქვა სიმართლე პირდაპირი ფორმით და განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა […] ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ სიმართლის თქმა იმ მომენტში არ იყო მიზანშეწონილი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები და ასეთ პირობებში არ იქნებოდა იმ მომენტში სწორი სიმართლის თქმა. ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით. მან [სალომე ზურაბიშვილმა] გააკეთა განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, გააკეთეს საპირისპირო – უარყოფის განცხადებები, ჩვენ მოგვიწია თავდაცვს პოზიციაში ჩადგომა და, როგორც გახსოვთ, მთელი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იყო აგებულ ამ თემაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული ოცნება” 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს. უფრო კონკრეტულად, პარტიის ლიდერები ირწმუნებიან, რომ ომი მაშინდელმა ხელისუფლებამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო.
“ოცნების” ეს რიტორიკა ეხმიანება მათი შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, თითქოს დასავლეთში არსებობს გაურკვეველი ძალა, რომელსაც ისინი ხან “გლობალური ომის პარტიად” და ხან “დოფ სთეითად” მოიხსენიებენ. “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ამ ძალას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ამას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით ცდილობს.
“ქართული ოცნების” ლიდერები ყველას, ვინც მათ გააკრიტიკებს ქვეყნის შინგით თუ მის გარეთ, “გლობალური ომის პარტიისა და “დიფ სთეოითის” წევრებად, ან მართულად მოიხსენიებენ და იწრმუნებიან, რომ სწორედ “ოცნებაა” ერთადერთი პარტია, რომელიც “დოფ სთეითს” არ ემორჩილება.
ამავე თემაზე:
ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია – კობახიძე აგვისტოს ომზე “ოცნების” მინისტრი, რომელიც 2008 წელს დიპლომატი იყო, ომის დაწყებაში იმდროინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს
· ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია – კობახიძე აგვისტოს ომზე
· გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, განურჩევლად იმისა, რა შეხედულება გვაქვს მათზე – კობახიძე ელისაშვილზე
· ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე: 1 აგვისტო ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება როგორც გზაგასაყარი
