გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებით, თუ სააპელაციო სასამართლო, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, შემდგომში ისინი საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლების დროს შეეხება იმ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ამ სისხლის სამართლის უკან არსებულ ნამდვილ – პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოტივებს, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, შემდგომში ისინი საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„დღეს დასკვნითი, შემაჯამებელი სხდომა იქნება, რომლის დროსაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოვთქვამთ, გიორგი ბაჩიაშვილი ისარგებლებს საბოლოო სიტყვით. ის შეეხება იმ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ამ სისხლის სამართლის უკან არსებულ ნამდვილ – პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოტივებს, იმას, რომ ამ საქმის უკან არ არსებობს სამართლებრივი მდგენელი. წინა პროცესზე მან სრულად გასცა პასუხი და ისაუბრა იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომლის შესაძლებლობაც პირველი ინსტანციის სასამართლოზე შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან მოსამართლემ უარი განაცხადა დისტანციურად მის გამოკითხვაზე.
თუ ძალაში დარჩება განაჩენი, რა თქმა უნდა, ეს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, რადგან ყველა ინსტანცია უნდა იყოს ამოწურული, რომ საერთაშორისო ინსტანციამდე მოხდება საკითხის მიტანა”,- განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 12 საათზე დაიწყება. საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.