ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო – ადვოკატი

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ინსაფ ალიევმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი აიჰან ჰასანლი ავრცელებს.
ადვოკატის მონათხრობის თანახმად, პროტესტის უკიდურეს ფორმას ბრალდებულმა მას შემდეგ მიმართა, რაც საკანში „არაადამიანური და არაჰუმანური პირობები გააპროტესტა”.
აიჰან ჰასანლი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ გუშინ, 10 აგვისტოს, ინსაფ ალიევმა ციხის ადმინისტრაციას აცნობა, რომ მათ საკანში იყო არაადამიანური და არაჰუმანური პირობები, კერძოდ – დიდი რაოდენობით ტარაკანი.
ამის შემდეგ ალიევი და მისი თანამესაკნეები 186-ე საკნიდან გადაიყვანეს 248-ე საკანში. „ახალ საკანში არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც ვერ იღებდნენ საკვებს და ფაქტობრივად შეეზღუდათ წვდომა კვებაზე”, – წერს ადვოკატი. ის ციხეში შეხვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს და დეტალებს ინსაფ ალიევის მონათხრობზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, ინსაფ ალიევმა დახმარების თხოვნით მიმართა უფლებამოსილ პირს, თუმცა „ხუთი საათის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ ყოფილა“.
„ამ ხნის განმავლობაში, კვება და ჰიგიენა კვლავ პრობლემად რჩებოდა. საბოლოოდ, მან ფეხით კარზე დააკაკუნა იმ იმედით, რომ ვინმე გამოეხმაურებოდა და დახმარებას შესთავაზებდა, თუმცა ამის ნაცვლად შედგა აქტი წესრიგის დარღვევის შესახებ. იმავე საღამოს ალიევი გადაიყვანეს 5-დღიან იზოლაციაში-სამარტოო საკანში”, – აცხადებს ადვოკატი და ამატებს, რომ ინსაფ ალიევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ, რაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს. „მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე”, – აღნიშნავს ადვოკატი.
სამარტოო საკანში გადაყვანამდე, ინსაფ ალიევი 186-ე საკნიდან უკან დააბრუნეს იქ, სადაც ტარაკანებზე ჩიოდა.
„186-ე საკანში ახლახან იყო ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოები. საკანში იდგა ძლიერი ქიმიური სუნი, რის გამოც ინსაფ ალიევმა ორჯერ იგრძნო თავი ცუდად და მოუწია ექიმთან გადაყვანა. ინსაფ ალიევმა პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა”, – ამბობს ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი უკვე ინფორმირებულია და საქმის კურსშია.
ინსაფ ალიევი 2024 წლის 4 დეკემბერს სამსახურში დააკავეს. მას ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ემუქრება თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს. პასუხის მიღებისთანავე ტექსტი განახლდება.
ფორუმი