საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეები ოკუპაციის წინააღმდეგ, სიმბოლურად, ცოცხალ ჯაჭვს აკეთებენ.
როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, ამ ფორმით ისინი გამოხატავენ ერთიანობას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
მათი მთავარი გზავნილია – „არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ“.
მოქალაქეებს თან ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერებით. კერძოდ, „დიდება აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს“, „არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს“.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი კომახიძის განცხადებით, ისინი საოკუპაციო ხაზთან სიმბოლურად შეიკრიბნენ და მიზნისკენ ერთობით მიდიან.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.




