როგორ დასრულდა ე.წ. სკინტლის საქმის დავა სააპელაციო სასამართლოში

ე.წ. სკინტლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 7 აგვისტოს გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას მოპასუხე მხარე, “ჩირინა” ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სააპელაციომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც “ჩირინას” აკისრებდა “ყვარლის ბაგისთვის” მიუღებელი შემოსავლის – 3.1 მილიონამდე ლარის გადახდას. თუმცა, სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, “ჩირინამ” “ყვარლის ბაგას” საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი – 1,6 მილიონი ლარი უნდა აუნაზღაუროს.
მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია, რადგან მხარეებს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ ქარ ჩაჰბარებიათ.
“ჩირინაში” ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ბრძოლას გააგრძელებენ უზენაეს სასამართლოში იქამდე, სანამ სასამართლო სრულად არ გაამართლებს მათ.
2025 წლის 31 მარტს გამოქვეყნდა “რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალა, საიდანაც ირკვევა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია “ყვარლის ბაგა” 2018-2020 წლებში ძროხებს ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანია “ჩირინასგან” ნაყიდი სკინტლით კვებავდა. “ყვარლის ბაგამ” ერთი წლის განმავლობაში “ჩირინასგან” დაახლოებით 2700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, “ყვარლის ბაგამ” ჩირინა დაადანაშაულა, რომ მისგან შეძენილმა სკინტლმა საქონელი დაუხოცა, რითაც 1,6 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. “ჩინირას” პოზიცია იყო, რომ ის ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა საკვებად.
“ყვარლის ბაგამ” “ჩირინას” სასამართლოში უჩივლა და მისგან მოითხოვა 4,7 მილიონი ლარის ანაზღაურება:
· დახოცილი ძრიცების საფასური – 1 630 000 ლარი;
· გაფუჭებული რძის საფასური – 65 000 ლარი;
· მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება – 3 000 000 ლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი 4,7 ლარიდან “ჩირინას” მხოლოდ 65 000 ლარს – გაფუჭებული რძის საფასურის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა.
2024 წელს “ყვარლის ბაგამ” რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ “ყვარლის ბაგის” ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შემდეგ “ჩირინამ” დავა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა.

ასევე დაგაინტერესებთ