ვატო სურგულაძე – ომიდან 17 წლის თავზე ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა გვიწევს და უფრო სერიოზულად დაცვა, ვიდრე მანამდე – ბოდიში გვაქვს მოსახდელიო, ვალოდია პუტინს უნდა მოვუხადო ბოდიში?

17 წელი გავიდა ომიდან და სამწუხაროდ, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა გვიწევს. უფრო სერიოზული დაცვა, ვიდრე ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც საქართველოს ღირსება დაიცვეს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ვატო სურგულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის არავისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
„17 წელი გავიდა ომიდან და სამწუხაროდ, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა გვიწევს. უფრო სერიოზული დაცვა, ვიდრე ჩვენს ბიჭებს, ჩვენს უკან რომ მათი საფლავებია, რომლებმაც საქართველოს ღირსება დაიცვეს. როდესაც გვეუბნებიან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ვისთან მაქვს? ვალოდია პუტინს უნდა მოვუხადო ბოდიში? გმირები არ გვჭირდებაო… ანწუხელიძე ისტორიული გმირია. ომი დაგვიწყეს რუსებმა და მე ვარ ამ ომის უშუალო მონაწილე, დასაწყისიდან ბოლომდე. გორშიც კი მომიწია ჩასვლა, როდესაც რუსების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომაც, არც ბოდიშს მოვუხდი არავის და არც ამ ბიჭების ღირსებას არავის შევალახვინებთ“,- განაცხადა სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ასევე დაგაინტერესებთ