გადაკვალიფიცირებული ბრალი და საბოლოო ვერდიქტი – ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა
დაყადაღებული ლელო – საგადასახადო დავა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?
“ტრამპმა პუტინს უკვე მუშტი მოუღერა” – როგორ დასრულდა რუსეთის პრეზიდენტისა და აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის 3-საათიანი შეხვედრა
* * *
გადაკვალიფიცირებული ბრალი და საბოლოო ვერდიქტი – ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა
“ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს სხდომაზე საბოლოო განაჩენი გააჟღერა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს დემონსტრაციული დასჯა პოლიტიკური ანგარიშსწორებასთან არის დაკავშირებული, მმართველ პარტიაში კი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონის წინაშე თანასწორობაზე საუბრობენ. საინტერესოა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა. უფრო კონკრეტულად, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გადაკვალიფიცირებული ბრალი და საბოლოო ვერდიქტი – ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა შეეფარდა.
“მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის” 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7 წლამდე ვადით. როგორც ამაღლობელის ადვოკატმა სხდომის შემდეგ განაცხადა, სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია “პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს”. სასამართლო პროცესის პარალელურად მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელმაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შეგახსენებთ, 4 აგვისტოს სხდომაზე მზია ამაღლობელს საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა, მან თავის 90 დღიან სიტყვაში აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობდა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება. მისი თქმით, დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი. “დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არის სრულიად დამოუკიდებელი და ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სხვადასხვა სპეკულაციები ამ თემაზე, რომელიც უკვე დაიწყო და რომელიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება, ნამდვილად უადგილოა. გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი, რაც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ”. – განაცხადა შალამბერიძემ. მზია ამაღლობლის საბოლოო განაჩენს გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარიაც: “ოცნებამ” პოლიტიკური და სამართლებრივი “წითელი ხაზები” დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა. მზია ამაღლობელი გაუტეხელი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა. ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს!” – წერს გახარია სოციალურ ქსელში”, – განაგრძობს გამოცემა.
“ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა: “რეჟიმი პარალიზებულია – ზედმეტად მშიშარაა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს. ის გადარჩენის იმედით, დროის გაჭიანურების უკან იმალება. მაგრამ მისმა სიძლიერემ მათი შიში გამოააშკარავა. ეს არ არის სამართლიანობა. ეს სიკვდილის პირას მყოფი ავტორიტარული სისტემაა. ჩვენ არ გავჩერდებით!” – წერს სალომე ზურაბიშვილი. განაჩენს გამოეხმაურა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავაც. ბოკუჩავას შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირება და 2-წლიანი პატიმრობის შეფარდა უკან დახევა არ არის: “არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა 2 წელს, 3 წელს თუ 7 წელს გამოაცხადებდა. არ მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკან დახევაა – ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც დღეს ჩვენ მზია ამაღლობელის მხრიდან ვიხილეთ, ჩაცხრეს და აორთქლდეს”. – განაცხადა ბოკუჩავამ”, – დასძენს გამოცემა.
“თუმცა ასე არ ფიქრობს ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი სალომე სამადაშილი. მისი შეფასებით, ბრალის გადაკვალიფიცირება გარკვეულწილად მოსამართლისა და რეჟიმის უკან დახევის მომასწავებელია: “მაინც ვფიქრობ, რომ დღეს მოუწიათ უკან დახევა და ამ საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა. უარესის მოლოდინი გვქონდა, ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა სასჯელი. ეს უნდა იყოს იმის მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მგონია, ვერ გაბედა რეჟიმმა ორჯერ მეტი ხანგრძლივი ვადით გაეშვა მზია ციხეში, ერთადერთი მიზეზით – ხედავენ, რომ მის შეუდრეკელ ბრძოლასთან ერთად, ძალიან შემართებით იბრძვის საზოგადოება”. – განაცხადა სამადაშვილმა”, – წერს სტატიის ავტორი.
დაყადაღებული ლელო – საგადასახადო დავა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?
“აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” საბანკო ანგარიში დააყადაღა – ოპოზიციური პარტია ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქმე გადასახადების გადაუხდელობასა და დეკლარაციის სისწორის შემოწმებას ეხება. კოალაცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ბრძოლას”. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ბოლო 5 დღის განმავლობაში “ლელო-ძლიერი საქართველოს” კოალიციაზე თავდასხმას ახორციელებს. “უკვე 5 დღის განმავლობაში, არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, სხვები და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია “ძლიერ საქართველოზე”… ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო. – განაცხადა კუპრაძემ. ბრიფინგიდან გაირკვა, რომ პარტიის დაყადაღების მიზეზად სახელდება 2022 წელს გორის სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო 130 ლარიანი ბაჟის გადაუხდელობა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაყადაღებული ლელო – საგადასახადო დავა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?
“2022 წელს, გორში გვქონდა სასამართლო დავა – კასპის საოლქოს ვუჩივლეთ და გვედავებიან, ბაჟი არ გადაიხადეთო, 130 ლარზეა საუბარი, არადა გადახდილი გვაქვს, რა თქმა უნდა. ისე სარჩელს ვინ მიიღებდა?” – განაცხადა კუპრაძემ. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. ცნობისთვის, მანამდე შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, “ლელო საქართველოს” მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ “ლელო საქართველოს” მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით”, – აცხადებს აღსრულების ბიურო”, – განაგრძობს გამოცემა.
“ყოველდღიურად ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის “სუფთა ფული”, კანონის წესით და დაცვით მოპოვებული და დაგროვებული ფული არ არის მათი ძლიერი მხარე. სასამართლოდან – სასამართლომდე, საქმიდან – საქმემდე ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევდნენ კანონს. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს არ ვიცი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ფიშერ-ხაზარაძის სკანდალთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მოიკვლიონ, მალავდა თუ არა ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადებს. “ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული მოკვლევაც ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება, რამდენად მიზანმიმართული იყო, გათვითცნობიერებული იყო თუ არა. და საერთოდ, იხდიდა – არ იხდიდა, იმდენი ბუნდოვანებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ სასურველია, რომ ვისი პასუხისმგებლობაც არის დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი და საზოგადოებას გააცნოს გამჭვირვალედ ამ გამოძიების შედეგები”, – თქვა მახაშვილმა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი “ლელოს” ლიდერს თაღლითს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გაჩენილ კითხვებზე პასუხია გასაცემი”, – დასძენს გამოცემა.
“თაღლითი ყველგან თაღლითია. გადასახადების დამალვა ხდებოდა სახელმწიფოსთვის. იმ პირის მიერ, რომელიც გადასახადების გადახდის, პროცენტების და ძირი თანხის გადახდა-გადაუხდელობის, ჯარიმების გადახდა-გადაუხდელობის საკითხში, რასაც “თიბისი” ბანკი მუდმივად აკეთებდა და არავის არაფერს პატიობდა, უნდა იყოს და არის კიდევ ძალიან განსწავლული. როგორ წარმოგიდგენიათ, ამხელა ევროკავშირის წევრი გერმანიის ელჩი, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ ქირაობს ფართს ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, არც გადასახადებს იხდის და მერე დგას და დაჰყვება ქვეყნის მასშტაბით რაღაც აქციებზე. პასუხია ამ ყველაფერზე გასაცემი”, – აცხადებს მათიკაშვილი, რომლის თქმით, “ სამწუხაროდ, პასუხის ნაცვლად გვაქვს თითიდან გამოწოვილი რაღაც არგუმენტები, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს”, – წერს სტატიის ავტორი.
“ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მათი კოლაიცია ქართული ოცნების მთავარი სამიზნეა. “ეს ამავე დროს, აჩვენებს, რომ “ლელო-ძლიერი საქართველო” არის “ქართული ოცნების” მთავარი სამიზნე. მათ ეშინიათ ჩვენი ბრძოლის და მათ ეშინიათ პოლიტიკური ბრძოლის. სწორედ ამიტომ, ჩვენი გზავნილი იყო და არის ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას არ აქვს ალტერნატივა, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ფრონტის გამოყენებით და რა ინსტრუმენტების გამოყენებით იქნება ეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ივანიშვილს და ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილ მის რეჟიმს, მართლაც ჭირის დღესავით ეშინია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფრონტაციისა და პოლიტიკური ბრძოლის. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არ გააჩნია შინაგანი პოლიტიკური ენერგია, არ გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაცია”, – განაცხადა გეგელიამ, რომლის აზრით, `ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ პირველივე კონსოლიდირებული ბრძოლა მას, რეალურად, ჩამოშლის”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ამასთან, გეგელია გამოეხმაურა ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებას. მისი თქმით, აღნიშნული ადასტურებს, რომ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე ხუთდღიანი თავდასხმა ემსახურება საქართველოს ევროპულ კურსზე და პროდასავლურ ოპოზიციაზე, კონკრეტულად კი კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოზე” ანგარიშსწორებას. “ამ მიზნით, “ქართული ოცნება” უკვე აღარ ერიდება ევროპელი დიპლომატის, ევროკავშირის მოწინავე წევრი სახელმწიფოს ელჩის დისკრედიტირებას და შესაბამისად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე ღია თავდასხმას! არაღიარებული პრემიერის განცხადება, რომ გერმანიის ელჩი ნოტარიალური შეთანხმების გარეშე ახორციელებდა ეკონომიკურ თანამშრომლობას ვინმესთან, იყო აბსურდული და კომიკური! არა მარტო იმიტომ, რომ წარმოუდგენელია გერმანიის სახელმწიფო რომელიმე წესის დაცვის გარეშე შედიოდეს მსგავსი ტიპის ურთიერთობაში, თუმცა იმიტომაც, რომ მან ზუსტად იცოდა ამ ნორმატიული აქტის შესახებ, იცოდა დოკუმენტის ოფიციალური რეგისტრაციის ნომერი და ყველა სხვა ფორმალობა”, – განაცხადა გეგელიამ”, – დასძენს სტატიის ავტორი.
“ტრამპმა პუტინს უკვე მუშტი მოუღერა” – როგორ დასრულდა რუსეთის პრეზიდენტისა და აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის 3-საათიანი შეხვედრა
“კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულების შემდეგ მხოლოდ ის ითქვა, რომ მხარეებმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს. მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. “თუ თემებს დავასახელებთ, პირველი, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის კრიზისი იყო. მეორე თემა კი აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლო განვითარების პერსპექტივები”, – განაცხადა უშაკოვმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები “სასარგებლო და კონსტრუქციული იყო. “ჩვენი მხრიდან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები გადავეცით. შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც მივიღეთ”, – აღნიშნა უშაკოვმა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ტრამპმა პუტინს უკვე მუშტი მოუღერა” – როგორ დასრულდა რუსეთის პრეზიდენტისა და აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის 3-საათიანი შეხვედრა.
“შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევს შეხვდა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას აზრით, ის ფაქტი, რომ ამ დრომდე მხარეებს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ, მიანიშნებს, რომ შეხვედრამ წარმატებით არ ჩაიარა. მისივე ვარაუდით, პუტინი მოლაპარაკებაზე არ წავა. “ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა მიანიშნებს, რომ შეხვედრა წარმატებით არ დასრულებულა. რომ ყოფილიყო რაიმე მიღწევა, უიტკოფი პრესკონფერენციას მაინც გამართავდა და რაიმე განცხადებას გააკეთებდა”, ამონს მაისაია, რომლის განმარტებით, “ვინაიდან შეხვედრის შემდეგ არაფერი თქვეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სიტუაცია არის უცვლელი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსული მხარე ამბობს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარაო, მაგრამ მაგათ რა დაეჯერებათ?! ადრეც ეგრე ამბობდნენ და თურმე პირიქით ყოფილა. მე მგონია, რომ ეს მოლაპარაკება არავითარ შედეგს არ მოიტანს. გამორიცხულია, პუტინი ამაზე არ წავა. ჯერ ერთი ის კატეგორიული წინააღმდეგია უკრაინაში ომის დასრულების და ეს მისთვის ყოვლად მიუღებელი თემაა. მეორე, რუსულ არმიას ჯერჯერობით აქვს გარკვეულწილად ოპერატიული ინიციატივა და შესაბამისად, თუ ომი შეჩერდება, ამ ინიციატივის ხელიდან გაშვება იქნება, ასე თვლიან კრემლში. მესამე, ტრამპმა პუტინს უკვე მუშტი მოუღერა და ის ფსიქოლოგიურ კონტექსტში ასეთ რაღაცებს არ პატიობს. არ უყვარს, როცა ვინმე ემუქრება, ან შეურაცხყოფას აყენებს. ტრამპმა წყალქვეშა ნავებიც გადააადგილა რუსეთის ახლომახლო სივრცეში, რაც პუტინისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
