„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ცნობით, ევროკავშირის კიდევ ერთ შეხვედრაზე არ მიიწვიეს.
საუბარია ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC-ის შეხვედრა).
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ცოტა ხნის წინ დანიის პარლამენტის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღეს წერილი, რომელიც ატყობინებთ, რომ არ გეგმავენ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წარმომადგენლების მიწვევას COSAC-ის შეხვედრაზე.
პაპუაშვივილის მტკიცებით, COSAC-ის რეგლამენტიდან გამომდინარე, დანიის პარლამენტს არ აქვს უფლება არ მიიწვიოს საქართველოს პარლამენტი მონაწილეობის მისაღებად.
„თუმცა, როგორც ჩანს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ზოგისთვის, პოლიტიკურ გემოვნებაზე მორგებადი ტერმინია. ამიტომ, ერთადერთი რაც შეიძლება ამ განზრახვას ეწოდოს, არის თვითნებობა, მის საბაბად კი საქართველოს მთავრობის არარსებულ გადაწყვეტილებაზე მითითება, ევროკავშირში ინტეგრაციის თითქოს შეჩერებასთან დაკავშირებით, უბრალოდ დეზინფორმაციაა. ხოლო იქ სადაც თვითნებობა და დეზინფორმაციაა, ვერ იქნება ევროპა“, – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე და დანიის პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილს აქვეყნებს.
პაპუაშვილის თქმით, დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე COSAC-ზე მათ მიწვევას არ აპირებს, რადგან საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
„გასაკვირია, რომ ეს საკითხი საქართველოს დელეგაციის არმოწვევის საბაბად გამოიყენება, რადგან საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. პირიქით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული მოთხოვნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თავის წერილში აღიარებს, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, „აქვს უფლება, მოწვეული იყოს COSAC-ის შეხვედრებზე“. მართლაც, COSAC-ის რეგლამენტის 3.2 მუხლი ადგენს, რომ „თითოეული კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის სამი წევრი მოწვეული უნდა იყოს დამკვირვებლის სტატუსით COSAC-ის პლენარულ და რიგგარეშე შეხვედრებზე“, და არ შეიცავს არანაირ რეგულაციას მათ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
ამრიგად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაციის მოწვევაზე უარის თქმა საქართველოს პარლამენტის COSAC-ის შეხვედრაში მონაწილეობის უფლების დარღვევაა. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ დანიის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ COSAC-ის რეგლამენტის დარღვევა ეწინააღმდეგება, უკანასკნელ პერიოდში სერიოზული გამოწვევების წინაშე მყოფი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ნორმებსა და სულისკვეთებას, და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებში განსაზღვრულ ფუნდამენტურ საყრდენებს.
თქვენო აღმატებულებავ, მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის არსი დიალოგისა და მოსაზრებების გაცვლის ხელშეწყობაში მდგომარეობს, და არა მათ დაბლოკვაში, განსაკუთრებით კი წესების დარღვევით. მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისა და დიალოგისთვის. გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“, – წერს პაპუაშვილი წერილში.
საქართველო ასევე არაა მიწვეული არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხს განიხილავენ. შეხვედრა ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში, 1-2 სექტემბერს გაიმართება. არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად.
· საქართველო მიწვეული არაა არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც EU-ს გაფართოებას განიხილავენ
