სასამართლომ გადაწყვეტილება 4 აგვისტოს მიიღო მას შემდეგ, რაც მიიჩნია, რომ ბოლსონარუმ დაარღვია სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა. ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ეს აკრძალვა 2025 წლის ივლისში დაუწესა, ელექტრონული სამაჯურის ტარებისა და ღამით სახლში ყოფნის ვალდებულებებთან ერთად.
3 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქებში გაიმართა ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერთა აქციები. ერთ-ერთი აქციისას ყოფილი პრეზიდენტის ვაჟმა, ფლავიომ ტელეფონით ჩართო მამა, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში შეკრებილ მომხრეებს მიმართა, შემდეგ კი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მიმართვის ამსახველი ვიდეო. მოგვიანებით ეს ვიდეო წაიშალა.
ამ ფაქტის გამო ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალეშანდრე დე მორაესმა ჟაირ ბოლსონარუს ივლისში დაწესებული შემზღუდავი ზომები შინაპატიმრობით შეუცვალა. მოსამართლის თანახმად, ბოლსონარუმ შვილებისა და მომხრეების სოციალური ქსელები გამოიყენა გასავრცელებლად ისეთი ინფორმაციის, რომელიც შეიცავს უზენაეს სასამართლოზე თავდასხმისკენ მოწოდებებს და ბრაზილიის სასამართლო სისტემაში უცხოეთიდან ჩარევის მხარდაჭერას.
შინაპატიმრობის პერიოდში ბოლსონარუს შეუძლია შეხვდეს მხოლოდ ადვოკატებს და იმ პირებს, რომლებსაც ნებართვას სასამართლო მისცემს. ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა მობილური ტელეფონით სარგებლობაც.
ბოლსონარუს ივლისიდან აქვს აკრძალული კონტაქტიც თავის ვაჟთან, ედუარდო ბოლსონარუსთან, რომელიც არსებული ცნობებით, მამის ინტერესებს აშშ-ში ლობირებს და კავშირი აქვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
2025 წლის ივლისში ტრამპმა ბრაზილიის ხელისუფლება დაადანაშაულა „კუდიანებზე ნადირობაში“ და განაცხადა, რომ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ აღძრული საქმე უნდა დაიხუროს. ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ტრამპს უპასუხა, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემაში ჩარევა დაუშვებელია.
30 ივლისს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალეშანდრე დე მორაესს, რომელიც ბოლსონარუს პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
ბრაზილიაში 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხმების 51%-ით დამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოპულისტი ჟაირ ბლსონარუ(49%).
ბოლსონარუს, რომელსაც „ბრაზილიელ ტრამპს” უწოდებენ, არჩევნებში დამარცხება საჯაროდ არ უღიარებია, თუმცა, განაცხადა, რომ კონსტიტუციას პატივს სცემს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა, ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და დროებით აშშ-ში, ფლორიდაში გაემგზავრა.
2023 წლის 8 იანვარს ბოლსონარუს მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პოლიციამ შენობები სპეციალური საშუალებების გამოყენებით გაათავისუფლა და ასეულობით პირი დააკავა.
2023 წლის იანვრის მოვლენების გამოძიების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჟაირ ბოლსონარუს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო გადატრიალებისა და მოქმედი პრეზიდენტის დამხობის მცდელობაში.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდა კიდევ შვიდი პირი, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჩაიშალა სამხედროებისგან მხარდაჭერის არარსებობის გამო.
70 წლის ჟაირ ბოლსონარუს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხანგრძლივი პატიმრობა ელის.
ფორუმი
