თბილისში ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა – დემონსტრაციები 250 დღეა გრძელდება

4 აგვისტოს, პროევროპული პროტესტის 250-ე დღეს, დემონსტრანტების ნაწილი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა – ამჯერად დაპატიმრებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, სადაც გაგრძელდა 250 დღის განმავლობაში უწყვეტი აქცია ახალი, სამართლიანი საპარლამენტო სა და აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.
საღამოს რვა საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „ბოლომდე“ და ა.შ..
დათაშვილისადმი სოლიდარობის აქციის მთავარი ლოზუნგი, როგორც ფეისბუკზე აქციის აღწერაში ვკითხულობთ, ასეთი იყო: „არა სადამსჯელო ფსიქიატრიას! არა რეპრესიებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოსაა დანიშნული.
სასამართლოს განჩინებით, მას იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
ნინო დათაშვილის ადვოკატი თამარ გაბოძე ამბობს, რომ დაკავებულმა აქტივისტმა მასთან საუბრისას 4 აგვისტოს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ წინააღმდეგია, მონაწილეობა მიიღოს იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში.
მისივე თქმით, დათაშვილი ამბობს, რომ პროკურატურისა და მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს, არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა და დევნის გაგრძელება.
დღესვე, 4 აგვისტოსვე, ნინო დათაშვილმა საპატიმროდან წერილი გაავრცელა. ის საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ საკუთარ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს:
„ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის. ყველას გიყურეთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება. ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს, ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – წერს ნინო დათაშვილი წერილში.
ფორუმი