მსვლელობა დაიწყო 20.00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „არა ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკას და არა თვითმმართველობის არჩევნებს. თავისუფლება მზია ამაღლობელს“.
მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სინდისის პატიმრების ოჯახების წევრები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მოქალაქეები.
გიორგი კირთაძე, „კოალიცია ცვლილებებისათვის“ წევრი: „რვა პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო აქტივისტი ერთად ვმართავთ აქციას, რომელიც დაიწყო 6 მაისის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან და მიემართება საკონსტიტუციო სასამართლოს შენობისკენ, თავისუფლების კვარტალში. მოვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად ჩატარდეს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. არ გვჭირდება ფარსი და რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩაატარებს ივანიშვილი ე.წ. ადგილობრივი არჩევნების სახით. ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი“.
გიგა ლემონჯავა, პარტია „დროა“: “ჩვენი შეკრების მთავარი გზავნილია: არა რუსულ არჩევნებს! 4 ოქტომბერს საქართველოში არ ტარდება არჩევნები. ეს არის ივანიშვილის მიერ მოგონილი რუსული სპეცოპერაცია და ქართული საზოგადოება არ გახდება ივანიშვილის თანამზრახველი. 19 ივლისს შევიკრიბეთ თბილისში, დღეს, 2 აგვისტოს – ბათუმში და ა.შ. მთელი საქართველო ეტყვის უარს ივანიშვილის რუსულ სპეცოპერაციას. ამ ქვეყანაში ჩატარდება არჩევნები და ეს იქნება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი მოიპოვებს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ.“
ია ხასაია, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი: „ჩვენ დღეს აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები“.
ლევან გორგილაძე, მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი: “ბათუმს უამრავჯერ უთქვამს გადამწყვეტი სიტყვა რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. ამ აქციასაც ატარებს ის რვა პარტია და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც უარს აცხადებს ყოველგვარ თანამშრომლობაზე რუსულ რეჟიმთან. აუცილებლად გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები“.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს პროევროპული აქციების მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა კოალიციისა „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
19 ივლისს, რვა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც უარს აცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, თბილისში გაიმართა აქცია-მსვლელობა გზავნილით – „მხოლოდ თავისუფალი არჩევნები – უარი რუსულ სპეცოპერაციას”.
საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორებმა გაარცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, პარტიები აპირებენ „პოლიტიკური ბრძოლის გაშლას საქართველოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში“:
“ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებით“, – წერია განცხადებაში.
ფორუმი
