დავით უსუფაშვილი – 20 კანდიდატი განვიხილეთ, ახლა 5-მდე ვართ ჩამოსულები – იმ 5-ში შეიძლება იყოს ალეკო ელისაშვილი, რატომაც არა?! – მოლოდინი იმისა, რომ საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთ, არის 99%

20 კანდიდატი განვიხილეთ, ახლა 5-მდე ვართ ჩამოსულები. იმ 5-ში შეიძლება იყოს . რატომაც არა?! შესაძლებელია იმ ბრძოლის ხასიათიდან გამომდინარე, რაზეც ახლა ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლა ჰქვია, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, ელისაშვილი უკვე იყო მერობის კანდიდატი და ეს გზა მისთვის უცხო არ არის.
„4 სექტემბერი ეს არის იურიდიული თარიღი, როდემდეც თუ ვინმეს უნდა დაასახელოს მერობის კანდიდატი, უნდა დაასახელოს. როდესაც ჩვენ ვამბობთ 4 სექტემბერს, არ ვამბობთ იმას, რომ 3 სექტემბერს, ღამის თერთმეტ საათზე გაცნობებთ კანდიდატს. ჩვენ ვამბობთ, რომ 4 სექტემბრამდე ეს პროცესი გრძელდება. „ქართულმა ოცნებამ“ როდის გადაწყვიტა კანდიდატის დასახლება? მაშინ, როდესაც საერთოდ არ არის დანიშნული.
ჩვენ ამ პროცესს სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გვაქვს კონსულტაციები არამხოლოდ არაპოლიტიკურ, არამედ პოლიტიკურ ჯგუფებთან. იქნებ, ჩვენ ამ მწვავე პროცესში ვაკვირდებით მოსახლეობის დამოკიდებულებას, საით უფრო იხრებიან ადამიანები. იქნებ, კვლევებს ვატარებთ იმიტომ, რომ ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები კი არ არის, ეს არის მორიგი ბრძოლის ფრონტი ხელისუფლებასთან.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, შეგახსენებთ, რომ ელისაშვილი უკვე იყო მერობის კანდიდატი. მას ეს გზა გავლილი აქვს. ეს გზა მისთვის არ არის უცნობი, არც პოლიტიკურად, არც ფსიქოლოგიურად და პიარულად. ამიტომ ის ამბობს, რომ არ გამორიცხავს, მეც არ გამოვრიცხავ. 20 კანდიდატი განვიხილეთ, ახლა 5-მდე ვართ ჩამოსულები. იმ 5-ში შეიძლება იყოს ალეკო ელისაშვილი. რატომაც არა?! შესაძლებელია იმ ბრძოლის ხასიათიდან გამომდინარე, რაზეც ახლა ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლა ჰქვია. შეიძლება რაღაცაში ჩვენ [„ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“] არ ვართ თანახმა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ვერსიები, რომლის უპირატესობაზე ვსაუბრობთ, ბოლოს შევჯერდებით“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად არის იმის ალბათობა, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმების ვერ მიღწევის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. მისი თქმით, “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” კოორდინირებულად მუშაობენ და შეთანხმების ალბათობა 99%-ია.
„ღმერთმა დაიფაროს. როგორ არ შეიძლება მოხდეს?! ყველაფერი ხდება და ყველაფრის მომსწრე ვართ. ორი პოლიტიკური ძალა შეთანხმდა, რომ კოორდინირებულად ვმუშაობთო. ასევე დღეში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს და კოორდინირებულად მივდივართ წინ. კანდიდატები მარტო თბილისში კი არ არის ასარჩევი, რამდენიმე ათასი ადამიანია შესარჩევი. თბილისში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით შეიძლება ვერ შევთანხმდეთ? – ამის შესაძლებლობა დაახლოებით იმდენია, რამდენიც ახლა მოსამართლემ მზია ამაღლობელი გამოუშვას და თქვას უდანაშაულოა. ამ პროცესში მოლოდინი იმისა, რომ საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთ არის 99%“,- განაცხადა უსუფაშვილმა.