“ჩემი დევნის რეალური მიზეზი არის პირადი შურისძიება” – ბაჩიაშვილის სიტყვა სააპელაციო სასამართლოში

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.
ე.წ. ბიტკოინების საქმეს განიხილავენ მოსამართლეები – გიორგი კერატიშვილი, დავით მამისეიშვილი და პაატა სილაგაძე.
განხილვის დაწყებამდე სიტყვა ითხოვა მსჯავრდადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა. მან განაცხადა, რომ არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას და ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ეს განწყობა შეექმნა. ბაჩიაშვილმა თქვა, რომ 2023 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ჰქონდა პოლიტიკური ხასიათი და ეს იყო პირადი შურისძიება [იგულისხმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ].
“ორი წლის წინ, როდესაც დაიწყო ეს პროცესი, ჯერ კიდევ მაშინ რაღაც ფაქტობრივი დემოკრატიის შირმა ჰქონდა ჩვენს მთავრობას შენარჩუნებული. მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემ წინააღმდეგ. ამ დევნის რეალური მიზეზი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური და პირადი შურისძიება. პირადი შურისძიება იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს, დასაწყისში, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. იმ ანტიდასალურ ქმედებებზე, რომლისთვისაც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა [მიმართავს მოსამართლეებს] და ძალიან ბევრი ამ პატივცემული პროკურორის კოლეგა არის დასანქცირებული. დღეს უკვე აღარცერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, აღარცერთი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სამწუხაროდ, არ ენდობა სასამართლოს. სასამართლოს ნდობა არის ძალიან დაბალ დონეზე. მე პირადად ნული მაქვს მთელი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა. პირადი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ახლა ავხსნი, რატომ: მართლა არ დარჩა არცერთი ინსტიტუტი, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა. არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ჩემ წინააღმდეგ ამ საქმეში არ არის. შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითი არის. ამას დაემატა, როდესაც … მე მართლა არ დამიტოვებია საქართველო ორი წლის მანძილზე თითქმის. მხოლოდ მაშინ გავხდი იძლებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო. გაგჭყლეტს ციხეში პირდაპირ, ივანიშვილმა ასე თქვაო. ზუსტად ამ სიტყვების შემდგე გადავწყვიტე მე ქვეყნის დატოვება. მომიწია დატოვება. რა მოხდა ამის შემდეგ: თვალებზე, თავზე მეშოკჩამოფარებული, ორი დღე მატარეს აბუ-დაბიში და დუბაიში, ადვოკატთან, მოსამართლესთან და პროკურორთან შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ, ძალით, შემათრიეს თვითმფრინავში, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი. ყველანაირი კანონის დარღვევით. მე დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ მოტაცებული. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე. მინდა, რომ ეს იცოდეთ. ყველანაირი საერთაშორისო კანონდმებლობით ასე არის. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაიკით და თეთრი ფეხსაცმელით სადღაც მდინარეგადმოცურული, ეს არის სიცრუე. ამაზე გამოძიების დაწყება, ამ მოტაცებაზე ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როდესაც ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე და არცერთი ადამიანი არ დაკითხულა. არც მე არ დავკითხულვარ. არანაირი ჩანაწეერი არ ამოღებულა, არც დაზარალებულად ვუცნივარ, არანაირი პროცედურა არ გაუტარებიათ. შედგომ უკვე, როცა აქ ჩამომიყვაეს, ტყვეობაში, მომიწყვეს წამება, 11 ივნისს”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
როგორც კი ციხეში ფიზიკურ თავდასხმაზე დაიწყო საუბარი, ბაჩიაშვილს სიტყვა გააწყვეტინა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ. პროკურორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული თავისუფალია თავის სიტყვაში, მაინც არ მიაჩნია მიზანშეწონილად ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც უშუალოდ განსახილველ საქმეს არ ეხება. მან თქვა, რომ შესაბამისი უწყებები იძიებენ იმას, რაზეც ბაჩიაშვილი საუბრობს, შესაბამისად, არსებობს სხვა სამართლებრივი სივრცე, სადაც ბაჩიაშვილს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეეძლება.
“ჰოდა, გამოიძიეთ, თუ არსებობს”, – დაუძახა პროკურორს ბაჩიაშვლმა.
მოსამართლეებმა მას მისცეს საშუალება, გაეგრძელებინა საუბარი იქიდან, საიდანაც პროკურორმა სადრაძემ შეაწყვეტინა.
“შემდგომ იყო წამება, 11 ივლისს. საგულდაგულოდ ჩამომიყვაეს ქსნის საპყრობილიდან ჯალათი. პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება. გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი კიდევ სხვა დაზიანება მაქვს მიღებული. არც კამერები არ წარმოუდგენია ჩვენთვის არავის, ჯერჯერობით, და არც დაზარალებულად არ მაღიარეს. ამ ვაჟბატონის [გულისხმობს პროკურორს] …” – გააწვეტინა მოსამართლემ და სთხოვა, რომ კორექტულად მოიხსენიოს პროკურორი. ბაჩიაშვილი შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ “ვაჟბატონი ცუდი სიტყვა არ არის”, მაგრამ, მაინც შეცვალა ტერმინი – “ამ ბატონის კოლეგები არანაირ ცვლილებას არ აძლევენ ამ საქმეს. თვითონ დაიწყეს გამოძიება, მაგრამ უნდათ კამერა ამოიღონ, უნდათ დაზარალებულად მცნონ… აბა, ვინ არის დაზარალებული? როდესაც სჭირდებოდათ კამერების ამოღება, საზღვრიდან იქნებოდა თუ საიდან, რამდენიმე საათში გამოაქვეყნეს. ჩვენ დღეს აქ მითვისების საქმეს კი არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს, ჩვენ ვიხილავთ ჩემი დატყვევების საქმეს და ჩემი წამების საქმეს. მითვისებასთან არაფერი აქვს საერთო ამ საქმეს. როდესაც ამას ვამბობდი, რომ მთავრობა ატრიალებდა [პოლიტიკურ კურსს] ევროპისგან, ორი წელიც არ დასჭირდა, თვეები გავიდა და გამოჩნდა ეს ყველაფერი. დაასანქცირეს ყველა. ამ ბატონის [პროკურორის] ორივე უფროსი დაასანქცირეს. ამ სასამართლოს ხელმძღვანელები დაასანქცირეს. ტყუილად ხომ არ დაასანქცირეს?! თუ “გლობალური ომის პარტია” ებრძვის ყველას? არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, არაერთმა საერთაშორისო იურისტმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს სამართალთან არავითარი კავშირი არ ჰქონია და თქვენც თუ ჩახედილი გაქვთ, პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არ არის. რეალურად, ეს არის პოლიტიკურად შეკვეთილოი და განხორციელებული პირადი შურისძიება. კლასიკური მაგალითი.”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ე.წ. ბიტკოიენების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 10 მარტს მიუსაჯა. ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს პროკურატურა კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა.
ამ განჩენის გამოცხადებიდან მალევე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც დაზარალებულმა, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა წამოიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე დაჩქარებულ ვადებში განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილის სასარგებლოდ თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინების გადახდა დაეკისრა.
არცერთი ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბაჩიაშვილი ქვეყანაში არ იყო. მან საქართველო მიმდინარე წლის მარტში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა ფეისბუქის საშუალებით.
ბაჩიაშვილი ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ე.წ. ბიტკოინების საქმის გარდა. მის წინააღმდეგ იმ დროისთვის მეორე, ე.წ. მკტვარი ჰესისი საქმე აღიძრა. ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ბაჩიაშვილისთვის წარდგენილ მუხლებს დაემატა საზღვის უკანონო კვეთის მუხლიც.
27 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვართან დააკავეს. თავად ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში “აირზენას” თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.
ამავე თემაზე:
· “თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ღირსების ორდენი ეკუთვნით ავტორებს” – ბაჩიაშვილის გატაცების ვერსიაზე
· თუ ბაჩიაშვილის მკვლელობა უნდოდათ, მისთვის საშველი ყოფილა პატიმრობა – კობახიძე