ექვსი საათის განმავლობაში უსმენდა სასამართლო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საქმეების მთავარი გამომძიებელ არსენ ხუნაშვილს. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, თუმცა, ალბათ, ყველაზე მთავარი იყო წინადადება – „ორგანიზატორებთან ბრალდებულების პირდაპირი კავშირი არ დასტურდება“.
თუ კავშირი არ დასტურდება, მაშინ რატომ იძიებენ ორგანიზებულ, ჯგუფურ ძალადობას ან რატომ მიიჩნევენ დაკავებულ დემონსტრანტებს ორგანიზებული ჯგუფის წევრებად?
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებელი, 33 წლის არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის ორივე საქმის მთავარი გამომძიებელია. ამ ორიდან ერთში – 8 დემონსტრანტია ბრალდებული, მათ შორის სამს ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენებს მასში მონაწილეობას. მეორე ჯგუფში – 11 ბრალდებულია.
არსენ ხუნაშვილი დღეს, 29 ივლისს დაიკითხა საქმეზე, სადაც საბრალდებო სკამზე 11 დემონსტრანტი ზის – ყველა მათგანს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ამ საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი.
არსენ ხუნაშვილი კითხვებს მშვიდად და დამაჯერებლად პასუხობდა, ბრალდებულების მიმართ წინაგანწყობებს არ გამოხატავდა.
რა როლი აქვს მთავარ გამომძიებელს?
მთავარი გამომძიებელი გამოძიების პროცესს ხელმძღვანელობს.
ის პასუხისმგებელია:
· საქმის სტრატეგიის დაგეგმვაზე;
· მტკიცებულებების შეგროვებაზე;
· მოწმეების დაკითხვაზე;
· დაკავებების ორგანიზებაზე;
· პროკურატურასთან კოორდინაციაზე;
· საქმის საგამოძიებო ნაწილის დასრულებასა და მასალების პროკურატურაში გადაგზავნაზე.
მთავარი გამომძიებელი ხელმძღვანელობს სხვა გამომძიებლებს ან ოპერატიულ თანამშრომლებს. მართალია მის ფუნქციებში არ შედის პოზიციის დაცვა სასამართლოში, თუმცა სწორედ ის აყალიბებს საქმეს ისე, რომ პროკურორმა ბრალის წარდგენა შეძლოს.
პატაკი, რომელიც „სანდო წყაროს“ დაეყრდნო
ყველაფერი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ძებნის სამმართველოს უფროსის დავით ქურდოვანიძის 2024 წლის სამი დეკემბრის პატაკით დაიწყო. მან სამმართველოს უფროსს დავით ქებურიას რუსთაველის გამზირზე სავარაუდო დანაშაულების შესახებ აცნობა და რეაგირება მოსთხოვა.
არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ დავით ქებურიამ მას ამ პატაკის საფუძველზე გამოძიების ჩატარება დაავალა. ხუნაშვილი ამბობს, რომ პატაკში გადმოცემული ინფორმაცია მის ავტორს დავით ქურდოვანიძეს „სანდო კონტაქტმა“ მიაწოდა. იქ ასახული ინფორმაცია მოიცავს 2024 წლის 28 ნოემბრიდან სამი დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
