მედია: ბიძინა ივანიშვილი ტვ პირველს უჩივის (ვიდეო)

ივანიშვილი ტვ პირველის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. “ქართული ოცნების” დამფუძნებელი სასამართლოს მიმართავს, აეკრძალოს ტელეკომპანიას “ქართუ ბანკის” ივანიშვილის ან ოლიგარქის ბანკად მოხსენიება. სასარჩელო მოთხოვნაში ივანიშვილი ირწმუნება, რომ “ქართუს” მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სავარაუდოდ, საქმე ეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, ევროპელი დეპუტატები “ქართუ ბანკის” სვიფტიდან გათიშვას ითხოვენ, რადგან ის ივანიშვილთან ასოცირდება.

აღნიშნული რეზოლუცია და მასთან ერთად სხვა პარტნიორების განცხადებები “პირველებმა” გააშუქა, რასაც, როგორც ჩანს, ბანკი “ქართუს” და “ოცნების” დამფუძნებლის უკმაყოფილება მოჰყვა.

კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ივანიშვილს ახლა სანქცირების ეშინია, რადგან თუკი ის დასანქცირდება, ავტომატურად მის ყველა საკუთრებასაც პრობლემა შეექმნება.

ირაკლი აბესაძე ყურადღებას სარჩელში არსებულ კიდევ ერთ ნიუანსზე ამახვილებს. მისი თქმით, ნათელი ხდება, რომ “ქართუ ბანკი” ივანიშვილის სახელთან ასოცირებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს. ექსპერტი ამბობს, რომ ახლა თავად ივანიშვილი უნდა უჩიოდეს “ქართუ ბანკს” ამგვარი დამოკიდებულებისთვის.