რუსული ოცნება ემიჯნება ნატოს წვრთნებს – ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის, რომ თავვდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ნატოს მრავალეროვნულ წვრთნებს არ დაესწრნენ, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას ემიჯნება.
„ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები, რომ საქართველოში ტარდება ნატოს მრავალეროვნული წვრთნები „მტკიცე სული“, რომლის მიზანია ჩვენი უსაფრთხოების გამყარება და ჩვენს საფრთხეებზე სწრაფი რეაგირება, საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს წვრთნები ტარდება მიუხედავად იმისა, რომ „რუსული ოცნება“ ეგრეთწოდებული ხელისუფლება უკვე მესამედ ემიჯნება ნატოს წვრთნებს, ემიჯნება და ამ წვრთნების გახსნაზე არ გამოცხადდნენ ს მსახური ბიუროკრატები, როგორებიც არიან ირაკლი ჩიქოვანი და ეგრეთწოდებული გენშტაბის უფროსი. მიუხედავად ამისა, ამ წვრთნების ჩატარება ხაზს უსვამს, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების რუსული პოზიციები ვერ შეაჩერებს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, ვერც ჩვენი უსაფრთხოებისა და ვერც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია ასევე გამოეხმაურა 25 ივლისს ევროკავშირის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის „ქართული ოცნების“ განცხადებებს ევროკავშირთან დაკავშირებით დეზინფორმაციას უწოდებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა, ევროკავშირის სპიკერის სპეციალური განცხადება, რომელიც პირდაპირ ტყუილში ამხელს „რუსულ ოცნებას“. ისინი პირდაპირ საუბრობენ, ვიზალიბერალიზაციის საფრთხეზე, „რუსულ ოცნებაზე“, რომელიც, ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რუსული კონსპირაციული თეორიების მსგავსად ავრცელებს სრულ ტყუილებს, თითქოს ვიღაცა რაღაცას გვახვევს თავს.
ამ დროს ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
ამასთანავე, მინდა, სრულად დავგმო კალაძის, ასევე რუსეთის მსახურის, სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, ევროკავშირის ელჩის მიმართ, საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის. ჩვენ ვიცით თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში.
„რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ. და მე მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება აბსოლუტურად არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც უკვე ასახულია კონსტიტუციაში და ვინმე ჩიქოვანის არგამოცხადება წვრთნებზე არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit).
სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამწყობრო მოედანზე საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში -ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, ტერი ტილისმა.
საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.