„რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდის ჩვენი პარტნიორების მიმართ. მინდა ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ევროპელი პარტნიორები სპეციალური განცხადებით „რუსულ ოცნებას“ პირდაპირ ამხელენ ტყუილში“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით მინდა ორ მნიშვნელოვან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გადაწყვეტილებას, მოქმედებას გამოვეხმაურო, რომელიც ერთი მხრივ, ხაზს უსვამს უპრეცედენტო მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მეორეს მხრივ, ხაზს უსვამს ე.წ. მთავრობის რუსულ ბუნებას. პირველი, ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები, რომ საქართველოში ნატო-ს მრავალეროვნული წვრთნები – „მტკიცე სული“ ტარდება, რომლის მიზანია, ჩვენი უსაფრთხოების გამყარება და ჩვენს საფრთხეებზე სწრაფი რეაგირება, საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს წვრთნები ტარდება მიუხედავად იმისა, რომ „რუსული ოცნება“, ე.წ. ხელისუფლება უკვე მესამედ ემიჯნება ნატო-ს წვრთნებს, ემიჯნება და ამ წვრთნების გახსნაზე არ გამოცხადდნენ რუსეთის მსახური ბიუროკრატები, როგორიცაა ირაკლი ჩიქოვანი და ე.წ. გენშტაბის უფროსი. ამის მიუხედავად, ამ წვრთნების ჩატარება ხაზს უსვამს, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების რუსული პოზიციები ვერც ჩვენი უსაფრთხოების და ვერც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვერ შეაჩერებს. მეორე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ევროკავშირის სპეციალური განცხადება, რომელიც პირდაპირ ტყუილში ამხელს „რუსულ ოცნებას“, ისინი პირდაპირ საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის საფრთხეზე, რომელზეც ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმინეთ, „რუსული ოცნება“ რუსული კონსპირაციული თეორიების მსგავსად ავრცელებს სრულ ტყუილებს, რომ ვიღაც რაღაცას გვახვევს თავს, ამ დროს, ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას.
ამასთანვე, მინდა სრულად დავგმო კალაძის, ასევე რუსეთის მსახურის სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, ევროკავშირის ელჩის მიმართ. საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, ევროკავშირის ელჩის მადლიერია, ჩვენ ვიცით, თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. „რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ და მინდა ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული და ვინმე ჩიქოვანის არგამოცხადება წვრთნებზე, არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
