ზურა ვარდიაშვილი: სასამართლოს მანდატურის უფროსი მეცა, შემათრია, პირადობა ჩამომართვა – კანონის წინაშე აგებ პასუხსო

გამოცემა “პუბლიკას” დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა ძალადობით შეიყვანა შენობაში, წაართვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წააშლევინა მისი ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეო.
როგორც ვარდიაშვილი ჰყვება, გიორგი ახობაძის სხდომის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი, ვინც დარბაზის სიმცირის გამო ვერ მოახერხა შესვლა, გადაწყვეტილებას ელოდებოდა დერეფანში. მათ შორის იყო პარტია “ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომლიც დერეფანში სკამზე იჯდა.
როგორც ვარდიაშვილი ყვება, სასამართლოს მანდატურების უფროსი, დავით მარტიაშვილი ჩაჩანიძესთან მივიდა და შენობის დატოვება მოსთხოვა.
“ეს კაცი ზოგადად აგრესიულობითაა ცნობილი, მაგრამ ახლა მთლად სახე ჰქონდა წაშლილი – ნოდარს უყვიროდა რომ მას უხდიან აქტივიზმში, იწვევდა პროვოკაციაზე. ნოდარმა, შენ ის არ ხარ გოგო რომ ჩაასმევინე ციხეშიო? ამაზე ამხელა კაცი ცერცვივით ახტა და ნოდარს ეცა, სხვა მანდატურებიც დაეტაკნენ და დაიწყეს მისი გათრევა. დერეფანში არ გადამიღია. სიმართლე გითხრათ, რატომღაც თავიდან ამომივარდა, რომ ქოცებმა გადაღების აკრძალვა ეზოსაც შეახეს. გავედი ეზოში და ის მომენტი გადავიღე როცა მანდატურებმა ნოდარი გარეთ გამოისროლეს. ეს დაინახა მატიაშვილმა და მეცა. ტელეფონი ისეთი სისხარტით გამომტაცა ამ ზონზროხა კაცმა, რომ ეტყობა ვარჯიშობს ამაში. მერე შემათრიეს იმ თავიან ოთახში. მატიაშვილი შოკში ჩააგდო ჩემმა ხაზგასმულმა სიმშვიდემ და ღიმილმა, რაღაცნაირ გამოწვევად აღიქვა. პირადობა მომთხოვა და დამემუქრა, პასუხს აგებო. შემაშინა თავისი ჭკუით. ჩემს ტელეფონში ვიდეოს წასაშლელად ფასვორდი მომთხოვა. ტელეფონი ბავშვის სურათებით მაქვს სავსე და ცხადია არ მინდოდა თავისი ჭუჭყიანი ხელები ეფათურებინა, გამოვართვი და თვითონ წავშალე ჩემი ორწამიანი “უკანონო” ვიდეო. ნოდარის გამოსროლის”, – ჰყვება ზურა ვარდიაშვილი.
მომხდარს იხსენებს თავად ნოდარ ჩაჩანიძეც. როგორც ის ამბობს, მატიაშვილის გაღიზიანება გამიწვია მისმა შეიშვნამ იმის შესახებ, რომ “შენს გამო გუშინ 23 წლის გოგო დააკავეს”.