მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომიდან გაძევებული, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერიშვილის პროცესზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერიშვილი, რომელიც გასულ სხდომაზე მან გააძევა, პროცესზე დასწრებას კვლავ შეძლებს.
ტერიშვილი სხდომათა დარბაზში მომდევნო პროცესიდან დაბრუნდება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, გალუსტაშვილმა ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის იგივე შინაარსის შუამდგომლობა, რაც ასევე სხდომიდან გაძევებულ რევაზ კიკნაძის დაბრუნებას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
„არაერთი სხდომის დროს გაძლევთ რამდენიმე გაფრთხილებას, თქვენს შემთხვევაშიც, ანდრო, არაერთხელ გამოვიყენე შენიშვნა. წესრიგი უნდა იყოს გამოყენებული როგორც ბრალდებულების, დაცვის და ბრალდების მხარის მერ“, – განაცხადა გალუსტაშვილმა.
როგორც მან განმარტა, ტერიშვილს დარბაზში დაბრუნების საშუალება იმის გამო მისცა, რომ სასამართლომ მისი განვლილი ქცევა გაითვალისწინა.
აღნიშნულის შემდეგ, სასამართლოს ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მიმართა.
„თქვენ ყველა ზომა მიიღეთ, რევაზ კიკნაძე გაფრთხილებული იყო თავის დროზე, თქვენს გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი, ვერ ვიტყვი, რომ ის არ გაგიფრთხილებიათ. ახლა კი მოგახსენებთ, რომ კიკნაძე მარტო იმყოფება კამერაში, ამასთან, მასთან კონსულტაციებისთვის ვერ შევდივარ, ციხიდან დამირეკა, რა პროცესებიც აქ არ დადის, ოჯახის წევრებს ვერ ხედავს, მისთვის ჭკუის სასწავლებელი იყო. ვიცი, რომ ის იმსახურებდა ამას [გაძევებას], მაგრამ ვსაუბრობთ 25 წლის ბიჭზე, რომელიც მარტოა საკანში. თავად დამირეკა და მითხრა, მისთვის საკმარისი იყო გაეცნობიერებინა მისი ქმედება და ის, თუ რამდენს კარგავს, როცა მის პროცესებზე ვერ მოდის. იქნებ, რევაზ კიკნაძის მიმართ კიდევ ერთხელ ჰუმანური აქტი გამოიყენოთ და დააბრუნოთ დარბაზში. იშვიათად, ვთხოვ ვინმეს და რამეს, გთხოვთ, რომ დააბრუნოთ, მან ყველაფერი გააცნობიერა და სასამართლოს სთხოვს, იქნებ სასამართლომ მისცეს შანსი“, – განაცხადა ავსაჯანიშვილმა.
აღნიშნულს პროკურორები არ დაეთანხმნენ. მათი განმარტებით, რევაზ კიკნაძე ყველა სხდომაზე შეურაცხმყოფლად ექცეოდა მოწმეებს, შეურაცხმყოფელი, აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა ბრალდების მხარის მიმართაც. შესაბამისად, ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ უნდა დაებრუნებინა.
მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან