ლაშა ბუღაძე: წულუკიანის ღრმად უხერხულმა პოსტმა და საჩივარმაც სხვა მამების შვილები გამახსენა – ორი რეალურის და ერთიც მხატვრულ-კრებითის

მწერალი ლაშა ბუღაძე:
წულუკიანის ღრმად უხერხულმა პოსტმა და საჩივარმაც სხვა მამების შვილები გამახსენა – ორი რეალურის და ერთიც მხატვრულ-კრებითის.
პირველი კიტოვანის ქალიშვილია, მამამისის ფოტო რომ გამოდო ერთხელ ფეისბუქზე საიუბილეოდ და მერე მალევე რომ მოუხდა აღება, რაკი წყევლა-გინება მიიღო მილოცვების მაგივრად… ცოტა ხნის წინ კი მაშხალების მსროლელები დაგმო თბილისის ცეცხლის წამკიდებელი მამის პატრონმა…
მეორეს მამას ამათ მამებს ცხადია ვერ შევადარებ, მაგრამ შვილის განწყობა კი უთუოდ ამათი მსგავსია. ოდესღაც სერგო ბერიას მოგონებები წავიკითხე მამამისზე და მეგონა, გადაჭარბების გარეშე, უფრთო ანგელოზ ბერიაზე ვკითხულობდი მოგონებებს და არა კარიერისტ სისხლიმსმელ ჯალათზე. შვილის სიტყვებით, ლავრენტი ბერიაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ცოტა არსებობდა ამქვეყნად. ხრუშჩოვმა დააბრალა ყველაფერიო.
მესამე შვილი ამათგან ყველაზე ობიექტურია, მაგრამ სამწუხაროდ შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია (და იქნებ სწორედ ამიტომაც არის ობიექტური, რაკი ფიქტიური გმირია): ესაა აბელ არავიძე “მონანიებიდან”, რომელიც ბოლოს თავად გამოუტანს განაჩენს მკვლელი მამის გვამს – საფლავიდან ამოთხრის და დამპალ ნეშტს ხევში გადაუძახებს…
ჯალათი ნაცისტი მამების შვილები ხშირად თავს იკლავდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში, რადგან მამების დანაშაულის ტვირთის ტარებას ვერ უძლებდნენ რაღაც დროს…
მაგრამ ჩვენთან სხვა ტრადიციაა და ამ ტრადიციის შემნარჩუნებელი უპირველეს ყოვლისა ქართული სოციუმის ფარისევლური მენტალიტეტია:
ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა დაენახა კიტოვანის შვილს მამამისში დამნაშავე, როცა თბილისის გადაწვის მერე – ამ კაცის სიკვდილამდე – არც ყოფითი პატივი მოჰკლებია ამ ადამიანს, არც სუფრები, არც ახლობელ-ნაცნობთა ხუმრობები, არც პატივისცემით აღსავსე წამოდგომა-მისალმებები პანაშვიდებზე თუ ქორწილებზე და ალბათ არც სარჩო…
ჰოდა რა ჰქნან ამ შვილებმაც? – რატომ ამოთხარონ ჯალათი მამების გვამები, თუკი საზოგადოებამ ისინი პატივით დაფლა პანთეონებში?!
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი წერს და ამაბობს, რომ საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება