სისხლიანი ანგარიშსწორება ბათუმის ცენტრში – თურქეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი ვერსია ვრცელდება.
ამ ვერსიის თანახმად, ახალგაზრდა კაცი აზარტული თამაშების ბიზენს დავის გამო ჩაცხრილეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს რესტორან “გრილში” ხუთი ტყვია იმ დროს ესროლეს, როცა სადილობდა.
შემთხვევა 15:00 საათზე მოხდა, როცა ხალხით სავსე იყო რესტორანი.
წინასწარი ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ორ თურქულ ე.წ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის წარსულში მომხდარი უთანხმოებაა, რომელიც აზარტული თამაშების ბიზნესს უკავშირდება.
ბათუმში ამბობენ, რომ ქალაქი კრიმინალური გარჩევების ბუდედ იქცა. ზუსტად იგივე რესტორანში თურქ მოქალაქეებს შორის სისხლიანი გარჩევა იყო დაახლოებით ერთი წლის წინაც. მაშინ ადგილზე ოთხი ადამიანის ცხედარი ნახეს.
რესტორანი “გრილი”, სადაც გასროლა მოხდა, თურქ ბიზნესმენ დერქან ბაშერს ეკუთვნის. საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ეს უკანასკნელი თამაშების ბიზნესთანაც არის დაკავშირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ბათუმში მომხდარი სროლის სამიზნე სწორედ ბაშერი იყო, თუმცა ის მაშინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ბათუმში ამბობენ იმასაც, რომ დერქან ბაშერს გარკვეული კვეთა აქვს ბიზნესმენებთან, გალიფ ოსთურქსა და ვეისელ შაჰინთან. შაჰინი მსხვილ ტოტალიზატორს ფლობს. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ დღეს მომხდარი მკვლელობა ბიზნეს წილების გადანაწილებას უკავშირდებოდეს.