კონკურსი გრძელდება! – გაიარე სრულად დაფინანსებული ანტრეპრენერული განათლების პროგრამა MIT-ში და გახდი SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი

შესაძლებლობა მათთვის, ვისაც მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) კვალიფიკაციის ამაღლება სურს – გაიარეთ ანტრეპრენერული განათლების პროგრამა MIT-ში და გახდით SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი.
პროგრამის მონაწილეების შესარჩევად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აგრძელებს ტრადიციულ ღია კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება. კონკურსის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის „დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს“, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან „დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას“. ასევე, გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებსა და პროგრამებს.
აღნიშნული ტრენინგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარდება 2026 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ პროგრამაში მონაწილეობის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯი.
კონკურსი ნაწილია პროექტებისა, რომელსაც MIT-ი SEU-სთან ერთად საქართველოში ახორციელებს. აღნიშნული აქტივობები ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემისა და ანტრეპრენერული უნარების განვითარებას, რაც სტუდენტებს, ლექტორებსა და ამ სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, აშშ-ში MIT-ის კამპუსში გაიღრმაონ ცოდნა. შერჩეულ ლექტორებს საქართველოდან შეეძლებათ შეხვდნენ „სილიკონ ველის“ ინვესტორებსა და გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის წამყვან ეკონომიკურ აქტორებს, გაიზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება და ახალი ხედვებითა და იდეებით დაბრუნდნენ ქვეყანაში.
MIT უკვე მე-12 წელია, რაც QS World University Rankings-ის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30,000-ზე მეტი კომპანია, რომელშიც, ახლანდელი მონაცემებით 4.6 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული და წელიწადში 2 ტრილიონ დოლარზე მეტის ეკონომიკურ აქტივობას ქმნის.
საქართველოში MIT-ის პროგრამების ფარგლებში ლექტორებს ყოველწლიურად მიეცემათ შესაძლებლობა, MIT-ის კამპუსში, გაიარონ გადამზადების ანტრეპრენერული პროგრამა. კონკურსის პირველი ნაკადის შერჩეულმა კანდიდატებმა, რომლებიც ახლა SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი არიან აღნიშნული შესაძლებლობა ერთხელ უკვე გამოიყენეს და ახალი მიდგომებით დაბრუნდნენ ქვეყანაში. მათ შექმნეს MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამდონიანი სწავლების სასერტიფიკაციო პროგრამა, რომლის პირველი მოდული უკვე დაინერგა და მე-2, მე-3 მოდული სექტემბრიდან აიღებს სტარტს. აღნიშნული პროგრამა MIT-ის პროფესორების ჩართულობითა და ამავე უნივერსიტეტის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით არის შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ ამჟამადაც SEU-ს გუნდი, იმყოფება ამერიკაში, MIT-ში და GLEEN-ის წევრებთან ერთად მუშაობენ სტრატეგიულ გეგმაზე.
გაიგეთ მეტი GLEEN-ის შესახებ: https://seu.edu.ge/ka/gleen MIT-სთან ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ ლექტორსა და სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, გახდნენ გლობალური პროცესების ნაწილი და ინოვაციური მიდგომები დანერგონ როგორც სწავლების, ისე ბიზნეს იდეების განხორციელების პროცესში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ფორმა
(R)