„ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის დასანქცირებასა და საკუთარი კორუმპირებული წევრების დასანქცირებას შორის არჩევანი საკუთარი ფულზე და კორუმპირებულ ადამიანებზე გააკეთა – მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვიღაცას გონება გაუნათდება და საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებს წინ დააყენებს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, გიორგი გახარიას მუშაობამ ბრიუსელში გარკვეული შედეგი გამოიღო.
„რა თქმა უნდა, [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე] პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების” დღევანდელ ბოსებს ეკისრებათ. ამის ვინმეს თუ არ სჯერა, მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ [სიტუაციას] ცოტა ფართოდ შეხედონ და შეაფასონ.
ევროკავშირმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ ან უნდა დავასანქციროთ ის კორუმპირებული, მოძალადე „ქართული ოცნების” წევრები, რომლებიც დღეს წარმოდგენილები არიან ხელისუფლებაში, რომლის ირგვლივაც კონსენსუსი ვერ დგება, მხოლოდ კობახიძე საკუთარი ძმაკაცებით: ფიცოთი და ორბანით ახერხებს, რომ ეს თემა გაჭედოს ან ვიზალიბერალიზაციის შეჩერება უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, დღეის მოცემულობით, როგორც ხედავთ, „ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხის დასანქცირებასა და საკუთარი კორუმპირებული წევრების დასანქცირებას შორის, არჩევანი საკუთარი ფულზე და კორუმპირებულ ადამიანებზე გააკეთა. ეს ძალიან სამწუხაროა.
გიორგი გახარია, რომელიც ბრიუსელშია, რამდენიმე დღეა შეხვედრას მმართავს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მან შეხვედრა გამართა პოლონეთის პირველ დიპლომატთან, რის შემდეგაც რადოსლავ სიკორსკიმ განცხადება გააკეთა, რომ ის გიორგი გახარიას ესაუბრა და მათი მოსაზრებები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთი და იგივეა – ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს. შესაბამისად, გიორგი გახარიამ იმდენი მოახერხა, რომ თუ ეს თემა დღის წესრიგში გუშინ იდგა, თემამ ცოტათი გადაიწია და ამ ყველაფერს სხვა ელფერი მიეცა.
ევროკავშირიდან „ქართული ოცნების” ლიდერებს წერილი გაეგზავნათ, ამ წერილში კონკრეტული რეკომენდაციები წერია და ამ რეკომენდაციებს, თუ ეს ხალხი არ შეასრულებს, მაშინ სამწუხაროდ, ევროკავშირი იძულებული იქნება, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. მარტივი მოცემულობაა. „ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაწყვიტოს: ან უნდა დათმოს საკუთარი კორუმპირებული ადამიანები, რომლებსაც უამრავი ფული აქვთ მოპარული და რომლებიც პირდაპირი გაგებით ადამიანებზე ძალადობენ, ან უბრალოდ ქართველი ხალხი უნდა გაწიროს იმ მონაპოვარისთვის, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია. მე მოლოდინი არ მაქვს, რომ კობახიძის მეთაურობით „ქართული ოცნება” ქართველი ხალხის საპირწონედ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
