უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღევანდელი რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 92 ადამიანი.
„ამჟამად რუსეთის მორიგი დარტყმის შედეგები ლიკვიდირებულია. ჩართულია ყველა საჭირო სერვისი. 500-ზე მეტი მაშველი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურიდან, კომუნალური, ენერგეტიკა, პოლიცია. კიევი და რეგიონი. ამ დროისთვის ცნობილია 92 დაშავებული. ყველა იღებს დახმარებას. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 31 დეკემბრიდან, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 170-მდე ბომბდამშენი და სხვადასხვა ტიპის ათობით რაკეტა გაისროლეს – ”მათი აბსოლუტური უმრავლესობა მიმართული იყო სამოქალაქო ობიექტებისკენ,” – თქვა ზელენსკიმ.
გარდა მსხვერპლისა და ნგრევისა, როგორც უკრაინელი ენერგეტიკოსები იუწყებიან, კიევში, თავდასხმების შედეგად, 260 ათას აბონენტს ელექტროენერგია შეუწყდა.
„დაზიანებულია საჰაერო ხაზი, რამდენიმე ქვესადგური ძაბვის გარეშეა. დაბომბვის გამო რეგიონში ასევე გათიშულია მაღალი ძაბვის ხაზები“, – იუწყება უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო.
დღეს დილიდან რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით, კიევზე თავდასხმა სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის Kinzhal-ებით მოხდა.
ოკუპანტებმა შეუტიეს ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილსაც. კერძოდ თავდასხმის სამიზნე იყო შევჩენკოვის რაიონი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვადასხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიწვა მანქანები. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი და დაიღუპულია ერთი.
მტრის საარტილერიო თავდასხმის ქვეშ ხარკოვის ოლქის 20-მდე დასახლება მოხვდა.