ისრაელის უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც პარლამენტში, ქნესეთში, გაატარა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ და რომელიც ამ სასამართლოს უფლებამოსილებების შეკვეცას ისახავს მიზნად.
კანონმდებლობა სასამართლოს ართმევდა შესაძლებლობას, გაეუქმებინა კანონები, რომლებიც მას არაგონივრულად მიაჩნია.
ნეთანიაჰუ და მისი მოკავშირეები ამტკიცებდნენ, რომ რეფორმა აუცილებელია, რათა უფლებამოსილებები შეეზღუდოთ მოსამართლეებს, რომლებსაც არ ირჩევენ. რეფორმის კრიტიკოსების თქმით, შესწორებები საშუალებას იძლევა, ხელისუფლება ბოროტად იქნეს გამოყენებული, ვინაიდან შესაძლებელი ხდება, გამოითიშოს მთავრობის კონტროლის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ეფექტიანი მექანიზმი.
მოსამართლეების განკარგულებაში იყო რამდენიმე ალტერნატიული ვერდიქტი, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, სრულად გაეუქმებინათ კანონი.
ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ სინანული გამოხატა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიღებულ იქნა ღაზის სექტორში პალესტინური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული).
უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებების შეზღუდვის თაობაზე კანონპროექტის მიღებამ ისრაელში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. მრავალმა კომპანიამ, მათ შორის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა, გაფიცვები გამართეს.
პროტესტის ნიშნად სამხედრო სამსახურზე უარი თქვა ასობით რეზერვისტმა. ამან წარმოშვა შიში, რომ რეფორმა და საზოგადოებაში მის მიერ გამოწვეული გახლეჩა იმოქმედებს ისრაელის თავდაცვის არმიის სამხედრო მზადყოფნაზე.