კახა კალაძე – ყველა პარტია მარცხისთვისაა განწირული, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ – ხალხმა უსამშობლო აგენტურას თავისი სახელი დაარქვა, ყოველთვის წარუმატებელი იქნები, როცა სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურები

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლებათ კანდიდატი. ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის” და „ლელო -ძლიერი საქართველოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმს გამოეხმაურა.
კალაძე დარწმუნებულია, რომ როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლებათ კანდიდატი. როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ქართველმა ხალხმა, უსამშობლო აგენტურას თავისი სახელი დაარქვა. მათ მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია მარცხისთვისაა განწირული. ის იქნება წარუმატებელი ყოველთვის, როცა სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურები, გარედან იღებ მითითებებს, საერთოდ არ გადარდებს შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის ინტერესი. რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების შიმშილობის დაანონსებას, თუ ვინმეს შიმშილობა უნდა, ამას არ ვურჩევ არავის, ეს არის ძალიან ცუდი, საკუთარი ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. რა შედეგი უნდა მიიღო ამით, წარმოუდგენელია. არჩევნებს რაც შეეხება, ჩატარდება მაღალ დონეზე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავისი ნების დაფიქსირების“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი 14 ივლისს მოეწერა.