აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გზა გაუხსნა ტრამპის ძალისხმევას განათლების სამინისტროს შესაკვეცად

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 14 ივლისს გზა გაუხსნა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას განათლების სამინისტროს დაშლის გაგრძელებისკენ – რაც წარმოადგენს ნაწილს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკისა განათლების სფეროში ფედერალური მთავრობის როლის შესამცირებლად და ცალკეული შტატებისთვის მეტი უფლებამოსილების მისანიჭებლად.
კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გააუქმეს ფედერალური მოსამართლის ბრძანება, რომლითაც სამსახურში დაბრუნდა სამინისტროს მანამდე დათხოვნილი 1400-მდე თანამშრომელი და ადმინისტრაციას აეკრძალა ძირითადი ფუნქციების სხვა ფედერალური სააგენტოებისთვის გადაცემა.
სასამართლოს განაჩენი განისაზღვრა მოკლე, ხელმოუწერელი ბრძანებით. ლიბერალური ორიენტაციის სამ მოსამართლეს საკითხზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა.
საჩივრის ავტორები იყვნენ 21 დემოკრატი ადვოკატი, სასკოლო ოლქები და პროფესიული კავშირები – რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტრამპის ძალისხმევა საფრთხეს უქმნის სამინისტროს შესაძლებლობას შეასრულოს თავისი ძირითადი მოვალეობები.
განათლების სამინისტრო 1979 წელს შეიქმნა კონგრესის მიერ, და მის მთავარ ფუნქციებში შედის სასწავლო სესხების ადმინისტრირება, სტუდენტების მიღწევების აღრიცხვა და სკოლებში სამოქალაქო უფლებების დაცვა. სამინისტრო ასევე გასცემს ფედერალურ დაფინანსებას ღარიბი უბნებისთვის და ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს.
ფედერალური კანონი სამინისტროს უკრძალავს გააკონტროლოს სკოლების მუშაობა, მათ შორის სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდები და თანამშრომლები. ამ საკითხებზე უფლებამოსილი არიან შტატები და ადგილობრივი მთავრობები – რომლებიც გასცემენ საჯარო დაფინანების 85 პროცენტზე მეტს.
სამინისტროს რესპუბლიკელი კრიტიკოსები უწყებას აღწერენ ზედმეტი ბიუროკრატიული ხარჯების სიმბოლოდ, ისინი მხარს უჭერენ უფრო მცირე ზომის ფედერალურ ხელისუფლებას და ცალკეული შტატების ძალაუფლების გაზრდას.
ფორუმი