სალომე ზურაბიშვილი: პასუხისმგებლობა სრულად დედაქალაქის მერიას ეკისრება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევა მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის და პასუხისმგებლობა სრულად დედაქალაქის მერიას ეკისრება.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი აღნშნავს, რომ დღეს ეს პრობლემა თბილისის თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია, ხოლო “ხელისუფლება მხოლოდ პილიტიკური ოპონენტების დევნისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვის”.

ძნელია ანუგეშო ადამიანები, რომლებმაც დღეს, ამ ტრაგედიის შედეგად, ოჯახის წევრი, ახლობელი და მეგობარი დაკარგეს, ვუსამძიმრებ და მათ გვერდში ვდგავარ ამ უმძიმეს წუთებში.

მაგრამ ეს ტრაგიკული შემთხვევა მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის, ეს ჩვენს დედაქალაქში სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელსაც ავარიული შენობები ჰქვია და რომელზე პასუხისმგებლობაც სრულად დედაქალაქის მერიას ეკისრება.

დღეს ეს პრობლემა თბილისის თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია, ავარიულ შენობებში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თუმცა დღეს ამ საკითხის მიმართ სრული იგნორია იმ პირების მხრიდან, რომლებიც ამ საკითხებზე დღე და ღამ უნდა მუშაობდნენ.

ვერც პრევენციულ ზომებს ვხედავთ და მით უფრო, ვერც რაიმე სახის სისტემურ მიდგომასა ან გეგმას, ანდა თუ არსებობს ეს, მხოლოდ ქაღალდზე და ხალხის პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება.

გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების უპირველესი ვალია, რომელიც მხოლოდ პილიტიკური ოპონენტების დევნისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვის,” – წერს ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, დღეს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, “სადგურის მოედანზე” დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და “ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა”.